ტურნირის კაშკაშა ვარსკვლავი ესპანეთის წინააღმდეგ | პრევიუ » სპორტის ხაზი

ტურნირის კაშკაშა ვარსკვლავი ესპანეთის წინააღმდეგ | პრევიუ

ტურნირის კაშკაშა ვარსკვლავი ესპანეთის წინააღმდეგ | პრევიუ
6-12-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

მაროკოს ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი ჰქონდა, რაც ვიცე-ჩემპიონ ხორვატიასთან აღებული ქულით დაიწყო. მშვენიერი სტარტის შემდეგ, აფრიკელებმა ფიფას რეიტინგის მე-2 ადგილოსანი ბელგია დაამარცხეს, ბოლოს კი საკმაოდ სიმპათიურ კანადის ნაკრებსაც მარცხი აწვნიეს. საბოლოოდ, ვალიდ რეგრაგის გუნდი ჯგუფიდან პლეი ოფში პირველი ადგილით გავიდა, იქ კი ლუის ენრიკეს ესპანეთს გადაეყარა.

მაროკოელთა მთავარი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ მათ დაცვასა და შეტევას შორის სრული ჰარმონიაა დამყარებული. სოფიან ამრაბატი, იუსუფ ენ-ნესირი, ნაიეფ აგერი, აშრაფ ჰაკიმი და ჰაკიმ ზიეჩი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებიან და სწორედ ისინი იქნებიან ის საკვანძო მოთამაშეები, რომლებზეც მაროკო წარმატების ხიდის დაშენებას შეეცდება.

ესპანელებმა მუნდიალი კოსტა რიკის 7-0 განადგურებით გახსნეს, რამაც ყველა გულშემატკივარს გაუჩინა განცდა, რომ გარდა ჯგუფური ეტაპის დაძლევის რეალურობისა, ფურია როხა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ესპანელებმა მეორე შეხვედრაში გერმანიასთან მხოლოდ ფრეს მიაღწიეს, ბოლო ტურში კი ლუის ენრიკემ და მისმა ბიჭებმა მოპოვებული უპირატესობა ტურნირის ერთ-ერთ არაფავორიტ, თუმცა გამორჩეულ გუნდთან, იაპონიასთან გაანიავეს, ორი გოლი გაუშვეს და ჯგუფური ეტაპი 4 ქულითა და მე-2 ადგილით დაასრულეს.

უდავოა, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც ესპანელთა 1/8 ფინალში კვალიფიცირება უმეტესად ფურია როხას ნახევარდაცვის კარგმა თამაშმა განაპირობა. ფაქტია, ესპანეთის ნაკრებში "ოქროს ბიჭუნას" ბოლო 2 გამარჯვებული თამაშობს, რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა. გარდა ამისა, სახსენებელია ალვარო მორატაც, რომელმაც 3 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ის იარლიყი, რომ მას გოლების გატანა არ გამოსდის, ალვარომ ჯერჯერობით გააფერმკრთალა.

რაც შეეხება ტრავმიანობას, მაროკოს ბანაკში აშრაფ ჰაკიმისა და სელიმ ამალას ფიზიკურ კონდიციებზე ღელავდნენ, თუმცა როგორც იწერება, დიდი ალბათობით, ერთიც და მეორეც ესპანეთთან თამაშში იქნებიან. პრობლემები იყო ლუის ენრიკეს გუნდშიც, სადაც მცირედი დაზიანება სეზარ ასპილიკუეტამ მიიღო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ფურია როხას განაცხადში მადრიდის რეალის განაპირა მცველი დანი კარვახალიც ჰყავს და იმ შემთხვევაში, თუ სეზარი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, დრო კარვახალს მიეცემა.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:

მაროკო: ბონო | ჰაკიმი, აგერი, საისი, მაზრაუი | ამრაბატი, ამალა, ოუნაჰი | ზიეჩი, ენ-ნესირი, ბუფალი.

ესპანეთი: სიმონი | ალბა, ლაპორტი, როდრი, კარვახალი | პედრი, ბუსკეტსი, გავი | ტორესი, ასენსიო, ოლმო.

საინტერესო ფაქტები:

მაროკოსა და ესპანეთს ერთმანეთში 3-ჯერ უთამაშიათ, აქედან ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე.

მაროკო და ესპანეთი პირველად ერთმანეთს 1962 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდნენ, სადაც ესპანელებმა ორივე თამაში მოიგეს (1-0, 3-2).

ესპანეთისა და მაროკოს უკანასკნელი შეხვედრა 2018 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე შედგა, სადაც შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ესპანელები მუნდიალის 1/4 ფინალში ბოლოს 2010 წელს გავიდნენ.

მაროკო თავისი ისტორიის განმავლობაში მუნდიალის 1/8 ფინალში მეორეჯერ იმყოფება. პირველად, ეს 1986 წელს მოხდა, სადაც მათ დასავლეთ გერმანიასთან 1-0 წააგეს.

დღეს, ესპანეთი პირველად შეხვდება აფრიკულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატების ფლეიოფების ისტორიაში.

ესპანეთს მუნდიალზე აფრიკულ ნაკრებებთან 5-ჯერ უთამაშია. მათ 3 მოიგეს, 1 ფრე ითამაშეს, ხოლო წაგება (ნიგერიასთან) 1998 წლით თარიღდება. სხვათაშორის, იმ შეხვედრაში ფურია როხას სასტარტო შემადგენლობაში მისი ამჟამინდელი მწვრთნელი, ლუის ენრიკეც იყო.

მაროკო მუნდიალის ბოლო 4 შეხვედრაში დაუმარცხებელია (2 მოგება და 2 ფრე) და თუ ისინი დღეს არ წააგებენ, მაშინ კამერუნის რეკორდს გაიმეორებენ (5 მატჩიანი წაუგებელი სერია მუნდიალზე), რაც მათ 1982-1990 წლებში დაამყარეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი