ბექა ბურჯანაძის ლეიმა ბასკეტი ესპანეთის ლიგა ენდესას 27-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში სტუმრად სარაგოსას 13 ქულით უგებდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მორიგი მარცხი განიცადა – 76:84.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მოედანზე 22:41 წუთი გაატარა და 10 ქულა, 9 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბურჯანაძემ 5-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ბექას სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ ამერიკელ ბრენდონ ტეილორს ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულა და 9 პასი მოაგროვა.
ლეიმა ბასკეტს 29 ტურში 6 მოგება შერჩა, ბოლო ადგილზეა და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ამ სეზონის შემდეგ ლიგა ენდესას დაემშვიდობება. ბურჯანაძის კლუბს მომდევნო მატჩი 8 მაისს, შინ, ბარსელონასთან ელის.