მიმოხილვა | საფინალო მატჩი - ბელგია VS ხორვატია » სპორტის ხაზი

მიმოხილვა | საფინალო მატჩი - ბელგია VS ხორვატია

მიმოხილვა | საფინალო მატჩი - ბელგია VS ხორვატია
1-12-2022, 16:15
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არაერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, მათგან ერთ-ერთი გამორჩეული კი ფიფას რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი ბელგიის ნაკრების მარცხია, რომელმაც მაროკოელებთან თამაში პირწმინდად წააგეს და საქმე ძალიან გაირთულეს. კევინ დე ბრუინს და კომპანიას ხორვატიის დამარცხება მოუწევთ, მაშინ, როცა ხორვატებს მხოლოდ ფრეც დააკმაყოფილებთ.

ამდენად, დღეს, ბელგიისა და ხორვატიის წყვილიდან ერთი 1/8 ფინალის საგზურს მოიპოვებს, მეორე კი, დიდი შანსია, რომ ტურნირს საერთოდ დაემშვიდობოს. ცხადია, კატარის მუნდიალზე ორივე ნაკრებს სურდა, რომ ფლეიოფში მაქსიმალურად შორს გასულიყო, მაგრამ ჯგუფში ორივე მათგანისთვის სიტუაცია მაროკოელებმა არიეს. მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში აფრიკელებმა ხორვატებს ქულები დააკარგვინეს, მეორე ტურში კი რეგრაგის გუნდმა ბელგია მინდვრიდან საერთოდაც უქულოდ გაუშვა.

საგულისხმოა, რომ ხორვატები და ბელგიელები ერთმანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ითამაშებენ. მათ შეხვედრები აქამდე მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაუმართავთ, სადაც თითო-თითო გამარჯვება მოიპოვეს და ორჯერ ფრეს დასჯერდნენ. აი, რა თქვეს აღნიშნული მატჩის წინ ზლატკო დალიჩმა და რობერტო მარტინესმა:

"ბელგია ზედიზედ მერამდენე წელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. ისინი დიდი ხნის განმავლობაში რეიტინგის პირველ ადგილზეც კი იყვნენ. ჩვენი მეტოქე საკმაოდ ძლიერია და მათი ბოლო ორი თამაშით არ გვინდა, რომ მოვტყუვდეთ. ხვალინდელ შეხვედრაში მხოლოდ ქულაზე არ ვითამაშებთ, რადგან მსგავსი გათვლები არასწორი და არაეფექტურია. ჩვენ, ვითამაშებთ ისე, როგორც ეს კანადასთან იხილეთ - სწრაფად, დინამიკურად და მაღალი ხარისხით." - ხორვატიის მთავარი მწვრთნელი.

"ჩვენს ნაკრებში ბევრი რამ მენტალობის საკითხს შეეხებოდა, რადგან ფეხბურთელები მუნდიალზე თამაშით სიამოვნებას ვერ განიცდიდნენ და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ. წინა შეხვედრებში ყველა ფეხბურთელს წაგების ეშინოდა. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ის ჩვენთვის იოლად გასაგებია, რადგან ვეთამაშებით ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს, რომელმაც გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 ადგილი დაიკავა. ხორვატებისგან მაღალი ხარისხის ფეხბურთს ველით და მათი მწვრთნელის კვალიფიკაციასაც ვაფასებთ." - რობერტო მარტინესი.

გუნდების სასტარტო XI-ები:

ხორვატია: ლივაკოვიჩი | სოსა, გვარდიოლი, ლოვრენი, იურანოვიჩი | ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი, მოდრიჩი | პერისიჩი, ლივაია, კრამარიჩი.

ბელგია: კურტუა | დენდონკერი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი | კასტანი, ვიტსელი, დე ბრუინი, მუნიე | კარასკო, მერტენსი, ტროსარი.

საინტერესო ფაქტი:

1. ხორვატიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო 9 შეხვედრიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ წააგო (5 მოგება და 3 ფრე).

2. ხორვატია მუნდიალის ჯგუფური ეტაპების ბოლო 5 მატჩში დაუმარცხებელია (4 მოგება და 1 ფრე).

3. ხორვატიის ნაკრებმა ბოლო 18 საერთაშორისო შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო (12 მოგება და 5 ფრე).

4. ხორვატიამ მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე შემხვედრ ბოლო ორ ევროპულ ნაკრებთან ორივეჯერ გამარჯვება მოიპოვა (იტალია და ისლანდია).

5. ხორვატიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო 13 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

6. ბელგიისა და ხორვატიის ბოლო 4 საერთაშორისო შეხვედრა ბელგიელებმა სამჯერ გამარჯვებით დაასრულეს.

7. ბელგიამ მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 5 ევროპულ ნაკრებთან 4 გამარჯვება მოიპოვა და ერთხელ ფრე ითამაშა, 4-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა.

8. ბოლო 6 მუნდიალის განმავლობაში ბელგიის ნაკრები ჯგუფში მხოლოდ ერთხელ ჩარჩა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ბელგიისა და ხორვატიის გუნდებს შორის 19:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი