საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში, საგურამოში დასკვნითი ვარჯიში გამართა.
ვარჯიშამდე, ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა.
"მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგი განწყობაა. ვემზადებით, ვვარჯიშობთ და იმედია, რომ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გვაქვს, მოედანზე გადავიტანთ და ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ თამაშს.
დიდი ხანია ბათუმში არ მითამაშია. ძალიან კარგი სტადიონია, სადაც ყოველთვის შესანიშნავი გარემოა. ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივარი ჩვენს გვერდით იქნება მთელი თამაშის განმავლობაში და ერთად დავამარცხებთ მეტოქეს"
- ამბობს ახალგაზრდა შემტევი.