საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის შეკრება ოფიციალურად დაიწყო. ჩვენი გუნდი 16 ნოემბერს უკრაინას დაუხვდება, 19 რიცხვში კი ჩეხეთთან გასვლაზე ითამაშებს.
ეროვნული გუნდის ბოლო ორი შედეგიდან ორივე წარუმატებელი გამოდგა, შესაბამისად, ლოგიკური შანსი არსებობს, რომ ვილი სანიოლმა სათამაშო სქემა ან შემადგენლობა შეცვალოს, უმეტესად კი შეტევის ხაზი.
ფრანგი მწვრთნელი მუდმივად 2-ფორვარდიანი სქემით თამაშობს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ერთი ადგილი გარანტირებული აქვს, მეორე კი ძირითადად გიორგი მიქაუტაძეს აქვს შევსებული, თუმცა მის ადგილს ხანდახან ბუდუ ზივზივაძე იკავებს ხოლმე.
ამჯერად, არის შანსი, რომ სანიოლმა შეტევაში ხვიჩას არა გიორგი ან ბუდუ, არამედ ზურიკო დავითაშვილი შეუწყვილოს, რომელიც სენტ ეტიენში გასაოცრად თამაშობს და უსამართლობა იქნება თუ მისი კარგი სათამაშო ფორმა შესაბამისად არ დაფასდება.
დავითაშვილი მეტწილად ფლანგიდან უტევს, თუმცა სანიოლის სქემაში ზურიკოს პოზიცია უბრალოდ არ არსებობს. ამდენად, ვილის შეეძლება, რომ დავითაშვილი შეტევაში კვარაცხელიას ცენტრიდან შეუწყვილოს, ნაკრები კი ასე უფრო მოძრავი და მობილური გახდება.