საქართველო თავისთვის კომფორტულ ტურნირზე მორიგ შეხვედრას დღეს ღამით უკრაინასთან გამართავს. მეტოქე სახლში გასაგები მიზეზების გამო ვერ თამაშობს, რის გამოც დაპირისპირება პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება. პირველი უპირატესობა, უფროსწორად კი მეტოქისთვის წართმეული უპირატესობაც ეს არის. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელები მხოლოდ ნომინალური მასპინძლები იქნებიან, რადგან პოლონეთში არანაკლებ ბევრი ქართველი იქნება ნაკრების მხარდასაჭერად მისული.
უკრაინა არის ნაკრები, რომელთანაც ევროპაში ძალიან გვიჭირს. მათთან ისტორიაში 9 მატჩი გვაქვს გამართული და მოგება ჯერაც არ ჩაგვიწერია, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ახლანდელ თაობას უკრაინასთან საერთოდ არ უთამაშია და ფაქტი, რომ მათ ვერ ვამარცხებთ, სანიოლის ბიჭებზე ნაკლებად ვრცელდება. ბოლოს მათ 2015 წელს ამხანაგურ შეხვედრაში შევხვდით და იმ ფორმაციის საქართველოს ნაკრებში დღევანდელი გუნდიდან მხოლოდ ლაშა დვალი და გურამ კაშია თამაშობდნენ. ამდენად, დღევანდელი მატჩის ასე დასათაურებაც შეგვიძლია, - ნავსი გასატეხია, ახალი სისხლი ძველი ისტორიის შესაცვლელად.
დავიწყეთ იმით, რომ ერთა ლიგა ჩვენთვის კომფორტული ტურნირია, რაც გადაზედმეტებული ნათქვამი სულაც არაა. რად ღირს მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ ამ ტურნირზე დაარსებიდან 20 თამაში ჩავატარეთ და მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით! საქართველოს ამ დროის განმავლობაში 13 მოგება და 6 ფრე დაუგროვდა, ბოლოს კი 9-მატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს, რაც მართლაც შესანიშნავი მაჩვენებელია.
შესაძლოა, რომ უკრაინასთან ფავორიტებად არ მივიჩნეოდეთ, თუმცა საქართველოსგან უკვე გაცილებით დიდი მოლოდინებია შექმნილი, ეს კი ნამდვილად ლოგიკურია. ვილი სანიოლის ხელში არაერთი უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომლებსაც ინდივიდუალურობიდან დაწყებული და გუნდურობით დამთავრებული ყველაფერი აქვთ, რათა ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვონ და ევროპა მორიგ ჯერზე აალაპარაკონ.
სანიოლმა აღნიშნა, რომ რთული მატჩი გველის, თუმცა ზედ დაურთო, რომ ბიჭებს თამაშზე ფოკუსირება არ აკლიათ. ჩვენი მხრივ, დავამატოთ, რომ თამაშზე კი არა, ნაკრების ფეხბურთელებს კონცენტრირება არც მთავარ მიზანზე, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაზე აკლიათ. ოცნების პირველი ნაწილი გაზაფხულზე, მარტში აგვიხდა, ახლა კი მისი დაგვირგვინების პროცესში ვართ, რომლის ბოლოსაც მუნდიალზე ქართული დროშა აუცილებლად იფრიალებს!