როგორც უკვე იცით, მიხეილ აშვეთიამ და მისმა ასისტენტმა, ვასილ გიგიაძემ წყალტუბოს "სამგურალი" დატოვეს.
იმერული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს ახალ ამბავს, გუნდის მწვრთნელისა და მატჩების ჩატარების ადგილის შესახებ:
"სამგურალი" ჩემპიონატის განახლებისთვის 26 მაისის სახელობის სტადიონზე ემზადება.
ამჟამად, საფეხბურთო ცენტრის მოედანზე, მინდვრის საფარის გაჯანსაღებისა და ხანგრძლივი შენარჩუნების მიზნით, სამუშაოები მიმდინარეობს.
ამის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გუნდი 26 მაისის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს და 27 ოქტომბერს ბათუმის "დინამოსთან" და 9 ნოემბერს "გაგრასთან" გასამართ საშინაო შეხვედრებს წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრის მოედანზე ჩაატარებს.
ხოლო, სეზონის ბოლო ორი სახლის თამაშისა და სავარჯიშო პროცესის ჩატარების ადგილმდებარეობა დამოკიდებული იქნება ცენტრალური მოედნის საფარის ხარისხზე.
რაც შეეხება, სავარჯიშო პროცესს, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე გუნდს ტექნიკური დირექტორი ბესიკ ხაჭიპერაძე და მწვრთნელ-ანალიტიკოსი გიორგი ნერგაძე ამზადებენ.
დღევანდელი ვარჯიში სწორედ მათი ხელმძღვანელობით ჩატარდა.
"სამგურალის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ორიოდე დღეში გახდება ცნობილი.
- ვკითხულობთ "სამგურალის" პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.