შედეგიანად დაიწყო ევროლიგის სეზონი თორნიკე შენგელიამ, თუმცა მისი პირადი მონაგარი, სამწუხაროდ, გუნდის შედეგში ვერ გადაისახა. ვირტუსმა ბოლონიაში სტამბოლის ეფესს უმასპინძლა და 67:76 დამარცხდა, ქართველი ფორვარდი კი თავისიანთაგან ერთ-ერთი შედეგიანი იყო.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29:33 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 7-დან 3 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბოლონიელთა რიგებში საუკეთესო აიზია კორდინიე იყო 16 ქულით, თურქულ კლუბში კი დან ოტურუ (14 ქულა, 9 მოხსნა), ელაიჯა ბრაიანტი (12) და შეინ ლარკინი (11) გამოირჩნენ.
ვირტუსი ევროლიგაში მომდევნო მატჩს 10 ოქტომბერს საფრანგეთში ჩაატარებს, მანამდე კი, 6-ში იტალიის სერია A-ს ეგიდით პისტოიას უმასპინძლებს.