პირველ ლიგაში გორი მოწინავე ადგილზე გადავიდა » სპორტის ხაზი

პირველ ლიგაში გორი მოწინავე ადგილზე გადავიდა

პირველ ლიგაში გორი მოწინავე ადგილზე გადავიდა
23-09-2024, 22:23
Aa Aa
გაზიარება:

პირველობის საწყის 2 ტურში ყველა შეხვედრის მოგება მხოლოდ ‘გორმა’ მოახერხა. შიდა ქართლელები მაქსიმალური შედეგით, 10 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდნენ. ასევე დაუმარცხებლად მოასპარეზე ‘მათემ’ 7 ქულით მეორე ადგილზე აინაცვლა და მესამე პოზიციაზე დაქვეითებულ ‘წიქარას’ 1 ქულით გაუსწრო.

მოწინავე სამეულს 5-5 ქულით კვალში ‘ლოკომოტივი’ და ‘რუსთავი’ უდგანან. ‘არწივებმა’, ვეფხვებმა’ და ‘ფოთმა’ 4-4 ქულას მოუყარეს თავი და ცხრილის ბოლოსწინა საფეხურზე მყოფ ‘დინოზავრს’ 1 ქულით აღემატებიან. წყალტუბოელებს ჯერ თამაში არ მოუგიათ. პირველობის აუტსაიდერად კი ორივე შეხვედრაში მარცხგანცდილი ‘აკადემია-ლაშარი’ იქცა, რომელიც მონაწილეთა შორის ერთადერთი უქულოდ მყოფი გუნდია.

მეორე ტურის სადებიუტო შეხვედრა „ხარები არენაზე“ გაიმართა. პირველობის დებიუტანტმა ‘რუსთავმა’ ქვეყნის 10-გზის ჩემპიონ ‘ლოკომოტივს’ უმასპინძლა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და უხვქულიანიც გამოდგა. პირველი ნახევარი „რკინიგზელებმა“ 3 ქულის სხვაობით მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში შუამარბ გურამ ქანდაურაშვილის შესრულებული „დუბლით“ ‘რუსთავი’ დაწინაურდა.

ქვემო ქართლელები ანგარიშში უპირატესობას 78-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ. მართალია, მასპინძლები დინამიკაში უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა მატჩის ბედი „რკინიგზელთა“ მიერ სტატიკაში მოპოვებულმა საგრძნობმა უპირატესობამ გადაწყვიტა. დავით ჩავლეიშვილის შეგირდთა მიერ დადებული 5 ლელოდან, 4 ლელო მოლით და მიძალებით იქნა გატანილი. გადამწყვეტი ლელოც ‘ლოკომოტივმა’ მორკინალთა აქტიურობის შედეგად გაიტანა. თავი მარქაფადან ჩართულმა მარბიელმა შახო ჯავახიამ გამოიჩინა. ‘ლოკომოტივმა’ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 32:27, მასპინძლები კი ნუგეშ-ქულას დააჯერა.

გორში, ჭალის დასახლებაში ‘გორი’-პატარძეულის ‘ვეფხვების’ აღმოსავლური დერბის დიდი ნაწილი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის დებიუტში შუამარბების: ფიჯელი აპიმელეკი ნამბოლენგასა და ლაშა დონაძის გარდასახული ლელოებით გორელებმა 14 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მართალია, მეორე ტაიმის დასაწყისში გარე კახელებმა 2 საპასუხო ლელოთი ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა მატჩის დარჩენილმა ნაწილმა შიდა ქართლელთა სრული უპირატესობით ჩაიარა.

განსაკუთრებული აქტიურობით და პროდუქტიული თამაშით მასპინძელთა ხაზის მოთამაშეები გამოირჩნენ. გიორგი ჭინჭარაულის ბიჭებმა მთლიანობაში მეტოქეზე 2-ჯერ მეტი, 6 ლელო გაიტანეს. ბოლო წუთებზე პრემიალური ქულის მომტანი ლელოს დადება მარქაფადან ჩართულმა ‘გორის’ ფრთა დავით მთავარაძემ მოახერხა. ‘გორმა’ დამაჯერებლად – 40:17 მოიგო.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა წყალტუბოს ‘დინოზავრი’-‘ფოთის’ დაპირისპირება, რომელსაც „აია არენამ“ უმასპინძლა. პირველ ნახევარში მეტოქენი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდნენ და მათი პივოტების გატანილი 2-2 ჯარიმის ხარჯზე შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით წავიდნენ – 6:6.

მეორე ნახევარში კოლხთა უპირატესობა გამოიკვეთა. ფოთელები იმერლებს თამაშის ორგანიზაციის ხარისხსა და ფიზიკურ მომზადებაში აღემატებოდნენ. ფრთა გიორგი ზუბიაშვილისა და მარბიელ მათე გეფერიძის გატანილ ლელოთა წყალობით სტუმრები 13 ქულით დაწინაურდნენ. ‘დინოზავრი’ მარცხს არ ეგუებოდა და მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე მარბიელი კაპიტნის ბადრი დანგაძის გარდასახული ლელოთი ნუგეშ-ქულის აღება მოახერხა. ‘ფოთმა’ პირველი გამარჯვება მოიპოვა და პირველი საცხრილო ქულებიც აიღო – 19:13.

‘აკადემია-ლაშარი’ ჭიათურის ‘მათეს’ მშობლიურ „რაგბი პლატოზე“ დაუხვდა. მატჩის დებიუტში უკეთ მასპინძლები გამოიყურებოდნენ და ტაიმის მიწურულამდე მარბიელ გიორგი ჯინჯოლავას შესრულებული „დუბლით“ ‘აკადემია 9 ქულიან უპირატესობას ფლობდა, თუმცა ფიზიკურად უკეთ მომზადებულ ზემო იმერლებს მატჩში გარდატეხის შეტანა არ გაჭირვებიათ.

‘მათემ’ ანგარიშის შემცირება ფიჯელი შუამარბის ტობია მატავურას გატანილი ლელოთი დაიწყო. მეორე ტაიმში კუნძულელმა „დუბლი“ გაიფორმა. ჭიათურელებმა მთლიანობაში 5 ლელოს დადება მოახერხეს. მატჩის მიწურულს ზემო იმერელთა მორიგი მიძალება ლელოთი მარქაფადან ჩართულმა ბურჯმა მამია მანდარიამ დააგვირგვინა, რაც ზაზა ბაკურაძის შეგირდთათვის პრემიალური ქულის მომტანი გამოდგა. ‘მათემ’ 32:18 მოიგო.

ტურის დასკვნითი შეხვედრა ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ‘არწივებმა’ პირველობის დებიუტანტ ‘წიქარას’ უმასპინძლა. მატჩის დებიუტში ფულბეკ ლაშა მჟავანაძის გატანილი ჯარიმით გურულები დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ნახევრის შუაწელამდე უპირატესობას ‘წიქარა’ ფლობდა. სტუმრები დერეფანში გაბატონდნენ და მარბიელ გიორგი დანელიას, ფრთა კლავდიუს ხუციშვილის, ჰავბეკ გიორგი კურტანიძის დადებული ლელოთა წყალობით ანგარიშში 16 ქულით დაწინაურდნენ.

‘არწივების’ ახალი დამრიგებლის ლევან თხელიძის მიერ განხორციელებულმა დროულმა შეცვლებმა მასპინძელთათვის სასურველი შედეგი გამოიღო. შეხვედრაში გარდატეხა სწორედ გურულების მარქაფამ შეიტანა. ‘არწივების’ ღერძი სწრაფად, ლაღად ამოქმედდა. მასპინძლებმა ფეხით ეფექტურად გადაკიდებულ ოვალს, მოკლე რაქები და მძლავრი ბიძგები მოუნაცვლეს. გურულებმა დარჩენილ დროში 3 უპასუხო ლელო გაიტანეს. თავი მარქაფადან ჩართულმა შუამარბმა დავით გასვიანმა, ჰავბეკმა ბაჩანა ძოძუაშვილმა და მარბიელმა საბა ნებიერიძემ გამოიჩინეს. შეცვლაზე შესულმა ფრთა ოთარ მჟავიამ 2 გარდასახვა გამოიყენა და შეხვედრაც ‘არწივების’ რთული გამარჯვებით დასრულდა – 22:19.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი