‘შავი ლომის’ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა, 21 სექტემბერს ლისაბონში, პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშთან’ გასამართი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ესპანეთში ‘იბერიანსთან’ 54:3 გამარჯვების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილებაა, საიდანაც 4 შერკინებაზე მოდის.
მარქაფიდან დაწინაურდნენ ბურჯი ვასილ კაკოვინი და კვაჭი ირაკლი ქვათაძე. მარჯვენა ბურჯად თამაშს იწყებს გიორგი ჩხარტიშვილი, ხოლო მესამე ხაზში მიხეილ გაჩეჩილაძე, რომლებსაც ესპანეთში არ უთამაშიათ. ამჯერადაც დამწყებთა შორის არიან მეორეხაზელები დემურ ეფრემიძე და ვლადიმერ ჩაჩანიძე, ასევე მესამეხაზელები – გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი.
ერთი ცვლილებაა ხაზში. შემადგენლობაში დაბრუნდა ‘შავი ლომისა’ და ბორჯღალოსნების საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძე. მეორე ფრთა ამირან შვანგირაძე იქნება, ფულბეკი ლუკა ცირეკიძე, ცენტრში დემურ თაფლაძე და თორნიკე კახოიძე შეწყვილდებიან, ხოლო ღერძზე თენგიზ პერანიძესა და ლუკა მატკავას ვიხილავთ.
მარქაფაში გადაინაცვლეს პირველხაზელებმა – შალვა მამუკაშვილმა, დათო აბდუშელიშვილმა და ბაჩუკი ჭუმბაძემ, ასევე მესამეხაზელმა გიორგი სინაურიძემ. წინა მატჩის მსგავსად შეცვლაზე არიან გუგა ღანიაშვილი, დავით ხუროშვილი, იოანე მეტრეველი და ალექსანდრე თოდუა.
‘ლუზიტანუშისა’ და ‘შავი ლომის’ შეხვედრა შაბათს, საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება.