რაგბი ევროპის სუპერთასზე "შავმა ლომმა" ასპარეზობა "იბერიანსთან" დიდი სხვაობით გამარჯვებით დაიწყო. ქართულმა ფრენჩაიზმა მეტოქე 54:3 დაამარცხა.
ეს იყო ამ გუნდების მეხუთე დაპირისპირება. აქამდე ოთხივე შეხვედრა თბილისში, "ავჭალაზე" გაიმართა და ბოლო თამაში 41:0 დასრულდა, ესპანეთში, კერძოდ ბურგოსში გამართულ პირველ მატჩში კი ახალი რეკორდი დამყარდა.
ინგლისელმა სპეციალისტმა, რიჩარდ კოკერილმა, სადებიუტო ოფიციალურ მატჩში 11 დებიუტანტი გამოიყვანა მოედანზე.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს 8 ლელო დაუდეს: 2 გიორგი ცუცქირიძემ, 1-1 კი ამირან შვანგირაძემ, დავით აბდუშელიშვილმა, შალვა მამუკაშვილმა, თორნიკე კახოიძემ, დავით ხუროშვილმა და დემე თაფლაძემ. ლუკა მატკავამ 7 გარდასახვა ზუსტად შეასრულა.