"ამაყი ვარ, რომ ტურნირის ელჩი ვიქნები" - თემურ ქეცბაია დარასელიას სახელობის თასზე » სპორტის ხაზი

"ამაყი ვარ, რომ ტურნირის ელჩი ვიქნები" - თემურ ქეცბაია დარასელიას სახელობის თასზე

"ამაყი ვარ, რომ ტურნირის ელჩი ვიქნები" - თემურ ქეცბაია დარასელიას სახელობის თასზე
8-08-2024, 03:16
Aa Aa
გაზიარება:

23-დან 28 აგვისტოს ჩათვლით თბილისი ვიტალი დარასელიას თასის 2024 წლის გათამაშებას უმასპინძლებს. წლევანდელ ტურნირში მონაწილეობას 16 წლამდე ფეხბურთელთა 6 გუნდი მიიღებს.

ქართული ფეხბურთის ლეგენდა თემურ ქეცბაია სოციალური ქსელის საშუალებით გულშემატკივარს ატყობინებს რომ ახალგაზრდული ტურნირის ელჩი იქნება.

"სიამოვნებით ვუერთდები ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშებას და ამაყი ვარ, რომ ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელის სახელობის ტურნირის ელჩი ვიქნები.

ჩვენი საკლუბო თუ ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის დარასელიას თასი საკვანძო როლს თამაშობს და შემთხვევითი არ არის, რომ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები სავსეა იმ ფეხბურთელებით, ვინც ამ ტურნირზე გამოიჩინა თავი.

დარასელია, თავისი ღვაწლით, ქართული ფეხბურთის წინაშე იმსახურებს, რომ ამ ტურნირს ჰქონდეს შესაბამისი მასშტაბი და მხარდაჭერა. მიხარია, რომ დინამო თბილისის და თბილისის ლოკომოტივის 16 წლამდე გუნდებთან ერთად, ტურნირში ევროპული გრანდები მიიღებენ მონაწილეობას.

ახალი თაობა, გულშემატკივარი, მომავალი ფეხბურთელები კიდევ უფრო ახლოს უნდა იცნობდნენ ვიტალი დარასელიას, მის ისტორიას. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უნდა გაიაზრონ, რომ ასეთ წარმატებამდე მისვლა მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით და საკუთარი საქმის დიდი სიყვარულით არის შესაძლებელი.

ტურნირის ფარგლებში, ჩართული ვიქნები გუნდებთან, მოზარდ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან კომუნიკაციაში. ურთიერთობა მექნება გულშემატკივართან, მედიასთან, ქართველ და უცხოელ მენეჯერებთან, სელექციონერებთან. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირის მასშტაბი კიდევ უფრო გაფართოვდეს და დარასელიას თასი, რეგიონის საუკეთესო ტურნირიდან, ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ ტურნირად იქცეს."
- წერს ქეცბაია.

"ტურნირის ელჩი ჩართული იქნება გუნდებთან და მათ წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში, დაგეგმილი მედია აქტივობების ფარგლებში კი ტურნირის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდული ფეხბურთის ხელშეწყობასა და მსგავსი აქტივობების აუცილებლობაზე ისაუბრებს."

დარასელიას თასის არსებობის განმავლობაში პირველად, ყველა მატჩი ბუნებრივსაფარიან მოედნებზე ჩატარდება. საერთაშორისო ტურნირის მატჩები ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრსა და ს.კ “ლოკომოტივის” საგურამოს ბაზაზე ჩატარდება.

ლეგენდარული ვიტალი დარასელიას თასის ბოლო გათამაშება 2023 წელს ჩატარდა და "დინამო თბილისის" გამარჯვებით დასრულდა.

წელს ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ორგანიზატორი Sports Orient გახდა. "დინამო თბილისთან" მიღწეული გრძელვადიანი შეთანხმების საფუძველზე, საერთაშორისო ტურნირის საორგანიზაციო, სასპონსორო და მედია უფლებებს მომდევნო 3 წლის განმავლობაში სწორედ Sports Orient განკარგავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი