დღეს, 6 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე საქმეში ქართველი სპორტსმენი, რობერტ კობლიაშვილი ჩაერთვება, რომელიც ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში იასპარეზებს.
რობერტ კობლიაშვილი -97კგ კატეგორიაში გამოდის. 2015 წელს ბათუმში 23-წლამდე მოჭიდავეებს შორის ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატში კობლიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო 2016 წელს რიგაში, ლატვიაში ჭიდაობაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე რობერტმა 85კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი აიღო. გარდა ამისა, ის ასევე არის საქართველოს ჩემპიონი (2019, -87კგ).
გაირკვა, რომ რობერტის პირველი მეტოქე ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე აბუბაქარ ხასლახანაუი იქნება, რომელიც მე-2 ნომრადაა განთესილი. ვიცით ისიც, რომ გამარჯვების შემთხვევაში რობერტ კობლიაშვილი 1/4-ფინალში მუჰამედ გაბრს (ეგვიპტე) ან მიხელ ქაჯაიას (სერბეთი) დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, შეხვედრები 13:00 საათიდან დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეგეძლებათ.