საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე გერმანიაშია და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
მორიგი ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს. გთავაზობთ ნიკა კვეკვესკირის სიტყვებს, რომელმაც გულშემატკივართა მხარდაჭერაზე დიდი აქცენტი გააკეთა:
გუნდში, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განწყობაა. ემოციური იყო გერმანიაში ამდენი ქართველის ხილვა. როგორც იქნა, ეროვნული ნაკრები დიდ ტურნირზე მოხვდა და ემზადება დებიუტისთვის. ამაზე მაგარი გრძნობა უბრალოდ არ შეიძლება რომ იყოს. ყოველი დღე ახალი პოზიტიური ემოციებითაა დატვირთული. ვტკბებით ამ შეგრძნებებით, მაგრამ, ამავდროულად, ვემზადებით და ვცდილობთ კონცენტრირებულები ვიყოთ და მაქსიმალურად მზადყოფნაში შევხვდეთ პირველ თამაშს.
ხასიათისთვის და განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მონტენეგროში მოგებული ამხანაგური მატჩი. დამუშავდა რამდენიმე ტაქტიკური დეტალი, რამაც გაამართლა. ეს მეტ თავდაჯერებას მატებს გუნდს, რაც მნიშვნელოვანია ასეთი დიდი ტურნირის წინ. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
ფეხბურთელები, ვინ უცხოეთში ვთამაშობთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ დროშებს ტრიბუნებზე. მითუმეტეს, როდესაც ამას აქ ხედავ, ევროპის ჩემპიონატის წინ. ეს ძალიან დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. ველოდებით თითოეულ ქართველ გულშემატკივარს. ისინი ძალიან დიდი ძალა და მოტივაციის წყარო არიან ჩვენთვის. იმედია, ბევრი ქართველი მოახერხებს თამაშზე დასწრებას და ჩვენთან ერთად იბრძოლებს გამარჯვებისთვის.
- თქვა ნიკა კვეკვესკირმა.