საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ლევან ყენია ეროვნული გუნდის ჩანიშნულ შეხვედრაზე საუბრობს, რომელიც 21 მარტს ლუქსემბურგის წინააღმდეგ შედგება.
"პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. ეს დაპირისპირება ერთი მატჩისგან შედგება და შეცდომის ფასი ძალიან დიდია."
"ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნის გამო საქართველოს ნაკრებს შემტევი პოტენციალი დააკლდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქცენტი აუცილებლად სწრაფ გოლზე უნდა გაკეთდეს. ასეთ მეტოქეებთან შეხვედრაში, რაც უფრო დიდხანს იქნება ანგარიში 0:0, გოლის გატანა მით უფრო ჭირს."
"ჩემი აზრით, არაა აუცილებელი რომ მინდორზე ხუთი მცველი გვყავდეს. ლუქსემბურგის ნაკრები ძირითადად მეორე ნომრად ითამაშებს და თუ ვინმესგან მოედანზე ხუთი მცველით გამოსვლა ლოგიკურია, ეს პირველ რიგში ლუკ ჰოლტცის გუნდია."
"კარგი იქნება, თუ ჩვენი ნაკრები მაღალ პრესინგს მიმართავს. ეს მეტოქეს ჩვენს ნახევარზე სწრაფად გადმოსვლის შანსს შეზღუდავს. ამასთან, დაცვაში მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ. კონცენტრაციის დაკარგვა ერთი წამითაც არ შეიძლება. სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა მოვლენებს სიტუაციურად უნდა შეხედონ. თამაშის დროს აუცილებლად გამოჩნდება, რომელ ზონაში უფრო უჭირს ჩვენს მეტოქეს და იმ პოზიციაზე ან პოზიციებზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ."
"როდესაც ვამბობ, რომ მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება, არავის ეგონოს, რომ ლუქსემბურგის ნაკრებს უნდა ვუფრთხოდეთ. პირიქით, ეს მატჩი თბილისშია, რაც სხვა საფეხბურთო კომპონენტებთან ერთად ჩვენი უპირატესობაა. საქართველოს ნაკრებს თავისი თავის უნდა სჯეროდეს და უნდა ირწმუნოს, რომ გამარჯვება შეუძლია", - ამბობს ლევან ყენია.
ლევან ყენიას კომენტარი Europop-მა გაავრცელა.