"უფრო ასაკოვან კლუბებს არ აქვთ ჩვენზე მეტი ტიტული" | "საბურთალოს" სპორტული დირექტორის ვრცელი ინტერვიუ » სპორტის ხაზი

"უფრო ასაკოვან კლუბებს არ აქვთ ჩვენზე მეტი ტიტული" | "საბურთალოს" სპორტული დირექტორის ვრცელი ინტერვიუ

"უფრო ასაკოვან კლუბებს არ აქვთ ჩვენზე მეტი ტიტული" | "საბურთალოს" სპორტული დირექტორის ვრცელი ინტერვიუ
27-10-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

სპორტულ გამოცემა lelo.ge-ზე “საბურთალოს” აღმასრულებელი დირექტორის, კახა კაშიას ინტერვიუ გამოქვეყნდა. ჟურნალისტ ალეკო კაკაურიძისა და რესპოდენტის საუბარს, ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ:

კარგა ხანია, “საბურთალოს” თავისი ნიშა უჭირავს ქართულ საკლუბო ფეხბურთში. ბოლო წლებში გუნდს სეზონი უტიტულოდ არ დაუსრულებია და იმავეს გეგმავს ახლაც.

თემურ შალამბერიძის მიერ გაწვრთნილი გუნდი თასის ნახევარფინალშია გასული და ამას გარდა, ევროასპარეზზე მოხვედრის შანსი ეროვნული ლიგიდანაც აქვს.

“საბურთალო” ის გუნდია, რომელიც მუდამ შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს ცდილობს. მას დღესაც ჰყავს რამდენიმე ძალიან საინტერესო ფეხბურთელი, რომლებიც წარმატებით იცავენ ჩვენი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას. ეროვნულ გუნდშიც არიან მოთამაშეები, რომლებმაც “საბურთალოს” სკოლა გაიარეს…

რა არის ახალი თბილისურ კლუბში? “ლელომ” ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა “საბურთალოს” აღმასრულებელ დირექტორ კახა კაშიასთან, რომელშიც ის არაერთ საინტერესო საკითხზე საუბრობს…
– მოდით, თავდაპირველად შევაფასოთ სეზონის განვლილი ნაწილი. რა შეიძლება ითქვას? როგორ მოვიდა გუნდი აქამდე?

– სეზონის განვლილი ნაწილის ასე მოკლედ შეფასება, სიმართლე ითქვას, ცოტა გამიჭირდება, მაგრამ მაინც შევეცდები – ხაზს გავუსვამ მთავარ გარემოებებს. თავიდანვე ვიტყვი, რომ იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მომენტები. მას შემდეგ, რაც “საბურთალო” თამაშობს ქართულ საკლუბო ელიტაში, თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისებს, გუნდი სულ სამეულში იყო, ჩემპიონობისთვის იბრძოდა და შეძლო კიდეც პირველობის მოგება…

ახლა (სამშაბათი, 26 ოქტომბერი – რედ) მე-6 ადგილზე ვართ და ეს, რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლება წარმატებად, თუმცა ჩვენ საშუალება გვაქვს, შევცვალოთ მოცემულობა და გავაუმჯობესოთ ჩვენი პოზიცია სატურნირო ცხრილში. დიდი იმედი მაქვს, ამას შევძლებთ კიდეც.

ახალგაზრდა კლუბმა რამდენიმე წელიწადში მოვახერხეთ და მოვიგეთ 4 ტიტული – გავხდით საქართველოს ჩემპიონები, ორჯერ მოვიგეთ თასი და ერთხელაც ვიმარჯვეთ სუპერთასი. ჩვენზე გაცილებით “ასაკოვან” კლუბებს არ აქვთ ამდენი ტიტული!

რაც შეეხება მიზეზებს, იყო მწვრთნელთა ხშირი ცვლა. ზოგადად, “საბურთალოს” გეზი მიმართულია სტაბილურობისკენ, მაგრამ ამ სეზონში ასე მოხდა… ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ყველა იმ სპეციალისტს, რომელმაც მთავარ გუნდში იმუშავეს. უბრალოდ, რაღაც მომენტში გადავაწყვიტეთ, რომ სწორი იქნებოდა ისე, როგორც გავაკეთეთ.

ეგ იყო, რომ ფეხბურთელებს ხშირად უხდებოდათ გადაწყობა. ახლა გუნდს თემურ შალამბერიძე წვრთნის. ჩვენ ვთამაშობთ ისეთ ფეხბურთს, როგორიც დამახასიათებელია ჩვენი კლუბისთვის – შემტევს, კომბინაციურს… რაც შეეხება წარმატებას, ვართ საქართველოს თასის ნახევარფინალში და მეტზეც ვფიქრობთ!

– მოდით, ცოტა უკან დავიხიოთ და ევროთასებზე ვთქვათ. კონფერენსლიგაზე, ზოგადად თუ ავიღებთ, “საბურთალოს” ცუდად არ უთამაშია…

– მხოლოდ ნაწილობრივ დაგეთანხმებით. ცუდად არ ვითამაშეთ იმ მოცემულობის კვალობაზე, რაც დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთში გვაქვს. სიმართლე გითხრათ, მე აღტაცებული არ დავრჩენილვარ ჩვენი გუნდის თამაშით. რაც შეეხება იმას, თუ რა მოგვცა ევროთასებზე თამაშმა, ეს არის დიდი გამოცდილება.

“სტიაუასთან” იქაური თამაშის დასრულებამდე 12 წუთით ადრე, ორი მატჩის ჯამში, საჩვენო ანგარიში იყო და მეტი გამოცდილება რომ გვქონოდა, ვფიქრობ, შევძლებდით ამ ანგარიშის შენარჩუნებას. აი, ზუსტად ასეთ გამოცდილებას იძლევა ევროთასები.

აუცილებელია იქ თამაში იმისთვის, რომ “საბურთალო” კიდევ უფრო განვითარდეს და წინ წავიდეს. მერე ისე მოხდა, რომ ფეხბურთელებს გაუჭირდათ საქართველოს ჩემპიონატზე გადმოწყობა. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ დღევანდელი პოზიცია ეროვნულ ლიგაში.

– ანუ აქცენტს ორივე “ფრონტზე” აკეთებთ?

– კი, ორივე ტურნირზე არის რეალური შანსები და ბოლომდე ვეცდებით მათ გამოყენებას. საამისოდ, ყველაფერს გავაკეთებთ. მართალია, თასის ნახევარფინალში ჩვენი მეტოქეა ქვედალიგელი “ლოკომოტივი 2”, მაგრამ გარწმუნებთ, ბოლომდე ვაფასებთ და პატივს ვცემთ მოწინააღმდეგეს!

– გვინდა გკითხოთ “საბურთალოს” აკადემიაზე. მისი არაერთი აღსაზრდელი იცავს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ღირსებას. აკადემიის აღზრდილები თამაშობენ “საბურთალოში” და თუნდაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში…

– ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია: აკადემია არის “საბურთალოს” წარმატების გასაღები! ჩვენ ამ შემთხვევაში მომგებიან სიტუაციაში ვართ, რადგან შედარებით უმტკივნეულოდ ხდება გუნდის შევსება და როცა აკადემიიდან ვაწინაურებთ ახალგაზრდა ფეხბურთელს, მას შედარებით ნაკლები თანხა სჭირდება ანაზღაურების სახით, ვიდრე მოწვეულ მოთამაშეს.

მეორე მხრივ, აკადემიის გამართული მუშაობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამის გარეშე კლუბის გამართულად ფუნქციონირება წარმოუდგენელია. ამ დროისთვის, კარგი აკადემიები ძირითადად თბილისშია თავმოყრილი. კარგი იქნება, თუ ასეთები რეგიონშიც გვექნება ასეთები.

აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. ინფრასტრუქტურული კუთხით ბევრი გაკეთდა და კეთდება. აი, მაგალითად, ჩვენ ამდენი ხანი, ფაქტობრივად, გასვლაზე ვთამაშობთ, არ გვაქვს საშინაო ასპარეზი, მაგრამ როცა ხედავ, რომ ამდენი რამე კეთდება ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის, ბოლოს და ბოლოს, როგორმე გადაიტან ამ გაჭირვებას.

– ვიცით, “ვალენსიასთან” თანამშრომლობა გრძელდება. რამდენად მოსალოდნელია “საბურთალოში” ესპანელი ფეხბურთელების გამოჩენა? ისიც გვსმენია, რომ “ვალენსიას” მიერ გამოგზავნილი ესპანელი სპეციალისტი აქტიურად მონაწილეობს აკადემიის ყოველდღიურ მუშაობაში…

– ესპანელი ფეხბურთელების საკითხი ისევ დგას დღის წესრიგში და ამ თემას აუცილებლად მივუბრუნდებით ჩემპიონატის დასრულების შემდეგ – ეს იმისთვის, რომ მომავალი ჩემპიონატის წინ “საბურთალო” გავაძლიეროთ. “ვალენსიას” ჰყავს მეორე გუნდი. იქ მოთამაშე ფეხბურთელების ასაკი შეზღუდულია და ზოგიერთი მათგანი როცა ამთავრებს იქ თამაშს, ვერ ხვდება პირველ გუნდში.

საუბარია კარგ მოთამაშეებზე, რომლებიც გამოგვადგებიან. მწვრთნელთან ერთად აუცილებლად მივუბრუნდებით ამ საკითხს. მიგვაჩნია, რომ ესპანური ფეხბურთი ყველაზე ახლოსაა ქართულთან მისი ხასიათით. ჩვენ გვაერთიანებს სამხრეთული ბუნება, ხასიათი, ტექნიკური, ლამაზი ფეხბურთის სიყვარული…

რაც შეეხება “ვალენსიას” მიერ მოვლინებულ ესპანელ სპეციალისტს, სერხიო ჩულვის, ის ყოველდღიურადაა ჩართული აკადემიის სამუშაო პროცეში და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს.

– “საბურთალოსთვის” კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა ის, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გოჩოლეიშვილის გადაბირებით ცნობილი უცხოური კლუბები არიან დაინტერესებულები. დაიწერა “ვალენსიაზე”, ახსენეს “იუვენტუსიც”…

– ვადასტურებ, რომ “ვალენსიას” მხრიდან იყო ინტერესი და დღესაც არის. არის ინტერესი სხვა კლუბებიდანაც. საუბარია ძლიერ უცხოურ გუნდებზე. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ წინა პლანზე ვაყენებთ ფეხბურთელის ინტერესს და არა – ფინანსურს.

“საბურთალოს” მიდგომა ასეთია: მოთამაშე უნდა წავიდეს იმ გუნდში, სადაც უფრო მეტად გაიზრდება, რომელი კლუბიც მისი კარიერისთვის იქნება უკეთესი… კიდევ ერთი: ჩვენთვის პრიორიტეტულია ის, რომ ფეხბურთელმა ითამაშოს ევროპაში. თუნდაც გოჩოლეიშვილის საკითხი რომ ავიღოთ, იყო რუსეთიდან ინტერესიც, მაგრამ ჩვენ ამას არც კი განვიხილავთ, მით უმეტეს, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე.

– ცხადია, ინტერესი იქნება სხვა ფეხბურთელების მიმართაც…

– არის და ამ საკითხებს განვიხილავთ სეზონის დასრულების შემდეგ. გასაგებია, რომ დღეს ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს სურთ სათამაშოდ უცხოეთში წასვლა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გეგმაზომიერად, ბევრი ფიქრი და განსჯაა საჭირო საიმისოდ, რომ სწორი არჩევანი გაკეთდეს.

– და ბოლოს, “საბურთალოს” აღზრდილ ერთ ფეხბურთელზე უნდა გკითხოთ – გიორგი კოხრეიძე გამორჩეული იყო საქართველოს ჩემპიონატში და თავის დროზე ევროთასებზეც კარგად ითამაშა. ამის შემდეგ ის ფრანგულ “გრენობლში” გადავიდა, სადაც ცოტას თამაშობდა. ვიცით, რომ ტრავმაც ჰქონდა, ბოლო დროს კი მის შესახებ აღარაფერი გვსმენია. ხომ არ იქნება უპრიანი, თუნდაც კარიერის დროებით “გადატვირთვის” მიზნით, დაუბრუნდეს “საბურთალოს”, სადაც მას მშობლიური გარემო დახვდება?

– გიორგი კოხრეიძე ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო “საბურთალოში” და მთლიანად საქართველოს ჩემპიონატში. ნამდვილად არ მინდა, პრეტენზიის ტონით ვილაპარაკო. გიორგი ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილია. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ მან ცოტა იჩქარა, როცა უცხოეთში წავიდა სათამაშოდ.

იჩქარა არა იმიტომ, რომ თავისი მონაცემებით ვერ დააკმაყოფილებდა იქაურ დონეს, არა, სხვა რამეს ვგულისხმობ – მას ჰქონდა იოგების ტრავმა და, ჩემი აზრით, უპრიანი იქნებოდა, ბოლომდე მოეშუშებინა, მოძლიერებულიყო აქ და მერე წასულიყო.

ჩვენ მას ოპერაცია გავუკეთეთ ესპანეთში, ძალიან ცნობილ ექიმთან, რომელმაც თავის დროზე ჩავის გაუკეთა ოპერაცია. ხომ იცით, საზღვარგარეთ სხვა რეალობაა. საქართველოსგან განსხვავებით, იქ თავზე ხელს არავინ გადაგისვამს, გლადიატორების ბრძოლაა, ბოლომდე უნდა იყო მზად…

როგორც ჩანს, თავიდან არ იყო გიორგი ბოლომდე მზად და ვერ მიიღო იმდენი დრო, რამდენიც სურდა. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ის იყო და არის კარგი ფეხბურთელი.

რაც შეეხება თქვენი კითხის მეორე ნაწილს, სიმართლე გითხრათ, გვაქვს ასეთი ჩანაფიქრი, არის კონტაქტი ფეხბურთელის ამჟამინდელ კლუბთან, რომ თუნდაც იჯარით გამოუშვან. თავად გიორგისაც დავეკონტაქტეთ… თუ მოვლენები ასე განვითარდა, მას შეუძლია, სასურველი ფორმა აღიდგინოს საქართველოში და გარკვეული ხნის შემდეგ, როცა ბოლომდე იქნება მზად, ისევ დაუბრუნდეს ევროპას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი