"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მომდევნო შეხვედრას "რეინჯერსის" წინააღმდეგ გამართავს. ნეაპოლელებს 1/8 ფინალის საგზური გარანტირებული აქვთ, თუმცა მთავარი საკითხი ისაა, თუ რომელ ადგილზე გავა იტალიური კლუბი.
ხვალინდელი მატჩის წინ შოტლანდიური გრანდის ლეგენდამ, ნეგრიმ, მედიასთან ისაუბრა, სადაც ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო. იტალიელის აზრით "რეინჯერსისთვის" მთავარი საფრთხე სწორედ 21 წლის შემტევია, რომელიც იდეალურ ფორმაშია.
"ის დიდებული ფეხბურთელია, ნამდვილი მონსტრი. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა, ასეთი გავლენის მოხდენა შეუძლია. უკვე 7 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს. უკვე იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავია, რაც მარტივი საქმე არ არის.
მსოფლიოში რამდენიმე ფეხბურთელია, რომლებიც მეტოქეებს ტაქტიკის შეცვლას აიძულებენ. ერთ-ერთი კი სწორედ ხვიჩაა. როგორც აღვნიშნე, ძალიან ახალგაზრდაა და შესაბამისად, მისი გაწვრთნაც იოლია. ის ძვირფასეულობაა, პატარა განძი.
რა იქნება მომავალში? არ ვიცი. ამჟამად სუპერვარსკვლავი ნამდვილად არაა, თუმცა, შეგვიძლია, ამომავალი ვარსკვლავი ვუწოდოთ" - განაცხადა ყოფილმა ფორვარდმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პარტენოპეის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე "რეინჯერსთან" მატჩში შესაძლო როტაციაზე ისაუბრა, ამიტომ არის შანსი იმისა, რომ ხვალ კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვიხილოთ.