სანაკრებო პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების ხელბურთელები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ და ეროვნული ჩემპიონატების მატჩები ჩაატარეს. აი, მათი მონაგარიც.
გერმანია
გერმანიის მთავარ ლიგაში „გუმერსბახმა“ სტუმრად „ერლანგენი“ დაამარცხა. „გუმერსბახის“ მწვრთნელმა გიორგი ცხოვრებაძეს თამაშის შესაძლებლობა არც ამჯერად მისცა.
სამაგიეროდ, ქართველმა ხელბურთელებმა თავი გამოიჩინეს გერმანიის რანგით დაბალ ლიგებში.
„ჰერმსდორფისა“ და „რინებერგის“ მატჩი ფრედ, 25:25 დასრულდა, მასპინძელთა რიგებში გიგა ზარნაძემ ითამაშა და თავი სამი გოლით გამოიჩინა.
„ალდეკერკი“ საკუთარ მოედანზე „ფრიზენჰაიმთან“ 28:35 დამარცხდა – მასპინძელთა შემადგენლობაში 1 გოლი ზურაბ გოგავას ანგარიშზეა.
საფრანგეთი
„ტრემბლმა“ საკუთარ მოედანზე „ტულუზი“ მიიღო და 31:25 დაამარცხა – გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ერეკლე არსენაშვილმა ითამაშა და ერთი გოლით გამოიჩინა თავი.
რუმინეთი
„ტურდა“ გასვლით მატჩში „ბუზაუსთან“ 26:29 დამარცხდა. სტუმართა რიგებში, როგორც ყოველთვის, ახლაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო ირაკლი კბილაშვილი, რომლის ანგარიშზე 3 გოლი და 2 ასისტია.
სლოვაკეთი
საკმაოდ წარმატებული თამაში ჰქონდათ სლოვაკეთის ჩემპიონატში გუგა უთმელიძესა და გიგა მელიავას. მათმა „ჰლოჰოვეცმა“ დაძაბულ ბრძოლაში 25:24 „სლოვანი მოდრა“ დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა ლეგიონერებმაც შეიტანეს – უთმელიძემ 4 გოლი გაიტანა, მელიავამ – 7.
პოლონეთი
გასულ 4 დღეში ორი მატჩი ჩაატარა პოლონეთის ჩემპიონატში „აზოტმა“. 19 მარტს გუნდმა „გდანსკს“ უმასპინძლა. გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა – „აზოტმა“ 42:39 მოიგო. რაც შეეხება ქართველებს, ზურაბ ცინცაძეს 11 სეივი ჰქონდა, გიორგი დიხამინჯიამ კი 6 გოლი გაიტანა.
მეორე მატჩი „აზოტმა“ 23 მარტს გამართა და ამჯერად სტუმრად „გლოგოვთან“ 29:35 დამარცხდა. ამჯერად გიორგი დიხამინჯიამ 2 გოლის გატანა მოახერხა.
geohandball