ვულკანური მუხტი | როგორ გაანადგურა ხვიჩა კვარაცხელიამ იუვენტუსი » სპორტის ხაზი

ვულკანური მუხტი | როგორ გაანადგურა ხვიჩა კვარაცხელიამ იუვენტუსი

ვულკანური მუხტი | როგორ გაანადგურა ხვიჩა კვარაცხელიამ იუვენტუსი
15-01-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

"ფაქტია, ბოლო პერიოდში ლუჩანო სპალეტის 77-ე ნომერი მწვანე მინდორზე გაცვეთილი ჩანს" - წერდნენ უცხოური გამოცემები მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით რამდენიმე შეხვედრა ჩააგდო.

მართლაც, ყველასთვის როგორი ჩამქრალი, ინერტული და სუსტი ჩანდა ჩვენი კვარა, რომელმაც იტალიაში ყოფნისას თავისივე თამასა დასაწყისშივე მწვერვალებზე მოაქცია. პრაქტიკულად, ხვიჩას თითოეული თამაში ბრწყინვალე სპექტაკლით სრულდებოდა, რაც ქართველ მოთამაშეს საფეხბურთო რეპუტაციას სულ უფრო და უფრო უზრდიდა.

თითქოს, ყველაფერი იდეალური სურათით ვითარდებოდა, მაგრამ როგორც ყველგან, ხვიჩას ცხოვრებაშიც გამოჩნდა შავი ლაქები, რომლებმაც ქართველის საფეხბურთო კარიერა ოდნავ დააშოშმინა. ჯერ იყო სახლისა და პირადი ავტომობილის გაძარცვის შემთხვევა, შემდეგ კი ლივერპულში მიღებული ტრავმა და გულაფანცქალებული საქართველო. სიმართლე ვთქვათ, ხვიჩას ტრავმის შემდეგ, არაერთი ჩვენგანის თვალწინ გაიელვებდა ყველა იმ ქართველი ფეხბურთელის სახე, რომელთა კარიერაც ტრავმებმა უბრალოდ ჩამოაქცია. საბედნიეროდ, ხვიჩას შემთხვევა რადიკალურად განსხვავებული გამოდგა და ქართველის ჩავარდნა მხოლოდ ორი შეხვედრა, ინტერთან და სამპდორიასთან გაგრძელდა, შემდეგ კი ვულკანის ამოფრქვევა პირდაპირ ტურინის იუვენტუსთან ვიხილეთ, იმ ვულკანის, რომელიც სიღრმეში ძალიან ბევრ სათქმელს იტევდა.

აშკარა იყო, რომ უკანასკნელ შეხვედრებში ხვიჩას მენტალური პრობლემები ჰქონდა, რასაც არაერთმა ექსპერტმა გაუსვა ხაზი, მათ შორის იტალიელმა ფსიქოლოგმა, მიკელე მარცულომ, რომელმაც გულშემატკივრებისგან დაკისრებული ტვირთისა და მესიას, ანუ მხსნელის ფაქტორზე ისაუბრა: "ხვიჩას გამოჩენისთანავე ქომაგებმა პარალელები დიეგოსთან გაავლეს, რამაც ქართველზე მაცდუნებელი გავლენა იქონია, წნეხი გაზარდა და კვარაცხელია ფსიქოლოგიურ პრობლემებში გაეხვა." - ამბობდა მარცულო და რთულია მის ნათქვამში სიმართლის მარცვალი არ დავინახოთ. თითქოს, გარედან არაფერი ჩანს, მაგრამ წარმოიდგინეთ, თუ რამდენად სულისშემაწუხებლად ძნელია ჩახვიდე ელიტური ფეხბურთის ქვეყანაში და ნული ცნობადობის, სახელისა და გავლენის მქონე ბიჭმა დიეგოს ჯადოსნური მანტია შემოისხა და ისეთ გუნდებს გაუწიო ღირსეული წინააღმდეგობა, როგორებიც იუვენტუსი, რომა, ლაციო, ინტერი, აიაქსი, ლივერპული და სხვები არიან. ეს ხომ იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებსაც, ძირითადად საქართველოდან, შორიდან ვგულშემატკივრობთ ხოლმე, თუმცა, განგებამ ჩვენთვისაც შთაბერა ნიჭიერებით აღსილი ქარი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია დაბადა.

მცირედი ჩაკეტვა, დაცხრომა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ეს ის იყო, რაც ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან სჭირდებოდა. დრო, რათა გააანალიზო ის რეალობა, სადაც ცხოვრობ და სადაც მთელ შენს სამშობლოს აცხოვრებ. დრო, რათა საკუთარი თავი "გაიხსენო" და მისი საჩუქრად დარიგება მილიონობით გულშემატკივრისთვის სიხარულით განაგრძო. ალბათ, იუვენტუსის დაცემისა და კვარას ტრიუმფის შემდეგ თუ რამის თქმა შეგვიძლია, ეს ხვიჩას დაბრუნებას უნდა შეეხებოდეს, პირველ რიგში კი მენტალურ დაბრუნებას, საკუთარი თავის დაბრუნებას.

დიახ, მასიმილიანო ალეგრის გუნდის ჩამოშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ, ხვიჩამ თავისი თავი მორიგ ჯერზე გააკონტროლა, ბუნებრივი, მაგრამ სიჯიუტით აღსავსე საფეხბურთო უნარები კვლავ დაიმორჩილა, რომელთა სრული აპოგეაც მარადონაზე გაბრწყინებით დაგვირგვინდა. ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მოლურჯო წიგნის მოცისფრო ფურცლებზე ოქროს ასოებით ჩაწერას განაგრძობს, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ბიჭთან, რომელშიც წლების განმავლობაში დაგროვილი საფეხბურთო რომანტიზმი და უბადლო ნიჭი ერთობლივადაა თავმოყრილი!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი