'მამა შვილს ხვიჩას გვარის გამოთქმას ასწავლიდა' - დავით რაფავა ნეაპოლში მოგზაურობის ამბებს გვიზიარებს » სპორტის ხაზი

'მამა შვილს ხვიჩას გვარის გამოთქმას ასწავლიდა' - დავით რაფავა ნეაპოლში მოგზაურობის ამბებს გვიზიარებს

'მამა შვილს ხვიჩას გვარის გამოთქმას ასწავლიდა'  - დავით რაფავა ნეაპოლში მოგზაურობის ამბებს გვიზიარებს
13-11-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

'რა სად როდის' მაგისტრი დავით რაფავა სოციალურ ქსელში გვიზიარებს ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ უყვართ ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში და როგორ იგრძნობა ნეაპოლის თითოეულ კუთხეში ფეხბურთისადმი სიყვარული.

"სანამ კვარას გავიცნობდი, მისი კეთილშობილების შესახებ ბევრი მსმენია და ეს ეკრანიდანაც იგრძნობოდა, მაგრამ მოლოდინი ხომ ხშირად გადაჭარბებულია ხოლმე. მეგობრების წყალობით მომეცა საშუალება ორი დღის განმავლობაში ხვიჩასთან მეკონტაქტა და ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ეს ის შემთხვევა აღმოჩნდა, როცა რეალობა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ასეთი თავმდაბალი და ზრდილობიანი არათუ მისი დონის სუპერსტარი, არამედ ზოგადად ძალიან ცოტა ვინმე თუ შემხვედრია.

ბევრ საფეხბურთო ქვეყანაში და გულშემატკივრობით ცნობილ ქალაქში ვარ ნამყოფი, ხშირად დიდი საფეხბურთო მოვლენების დროსაც, მაგრამ რაც ამ რამდენიმე დღეში ნეაპოლში ვნახე, არსად არ მინახავს. არ ვიცი, ამ ბოლოდროინდელი შედეგების გამოა და 33 წლის ნანატრი ჩემპიონობის სუნი სცემთ თუ რა არის, მაგრამ მთელი ქალაქი მართლაც მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობს და სუნთქავს. მარადონა ხომ ჩვეულებრივ წმინდანად ჰყავთ აღიარებული და მისი სახელობის მოედანზე პატარა სალოცავის მსგავსი მემორიალი დგას და იმდენი ხალხი ტრიალებს, რომ ადვილად ვერ გაივლი.

'მამა შვილს ხვიჩას გვარის გამოთქმას ასწავლიდა'  - დავით რაფავა ნეაპოლში მოგზაურობის ამბებს გვიზიარებს

ხვიჩას მაისური ნეაპოლის ყველა მაღაზიაში იყიდება

ახლა წარმოიდგინეთ, როგორ ბოდავენ აქ ამ ბიჭზე. ყველა ბავშვს ხომ 77-ნომრიანი მაისური აცვია. თუ ვაჭარბებდე, რომელიმე ბავშვზე თუ სხვა მაისური მენახოს. სპორტულ მაღაზიაში 4-5 წლის გოგო მამას, როგორც მივხვდი, ეკითხებოდა კვარას გვარი როგორ იკითხებაო და მამა ასწავლიდა “კვარასკელია” და ისიც კიდევ უფრო სასაცილოდ იმეორებდა. სტადიონზე ჩვენს უკან მჯდომმა ხალხმა გვთხოვა კვარას გვარი სწორად წარმოგვეთქვა, ტელეფონებში ჩაიწერეს და მერე მეცადინეობდნენ. ეტყობა გაიგეს, რომ კვარა ჩვენთან სასტუმროში იყო და მეორე დილას ბავშვები მოგვადგნენ და ჩვენთან სურათებს იღებდნენ იმიტომ რომ სასტუმროში უთხრეს, რომ ესენი კვარას იცნობენო.

ქართველი ემიგრანტები საკუთარ თავზე გრძნობენ მათ მიმართ იტალიელების დამოკიდებულების შეცვლას, რადგან წლების განმავლობაში დამკვიდრებული შავბნელი ქართველის იმიჯის შეცვლა ერთმა თავმდაბალმა, საკუთარ საქმეზე შეყვარებულმა ბიჭმა ორ თვეში შეძლო. ნეტა მართლა ყველანი ასეთები ვიყოთ, მაგრამ არც ბნელები ვართ ყველანი და არ ჯობია, პოზიტიური სტერეოტიპი მაინც დაგვყვებოდეს - რამდენ რამეში წაგვადგება კიდევ ვინ დათვლის, განსაკუთრებით იტალიაში მცხოვრებ ნაწვალებ ხალხს.

აი ასეთ ქალაქში დღეს ცხოვრობს და თამაშობს 21 წლის კვარა, რომლის ძალიან დიდი იმედი აქვს ამ ქაოტურ, ფეხბურთზე შეყვარებულ და სასწაულების მნახველ ქალაქს, სადაც ერთ დროს ფეხბურთის ყველაზე დიდი ვარსკვლავი თამაშობდა. " - ვკითხულობთ მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი