"ხვიჩას როლი ნაკრებში სხვაა, ნაპოლიში კი სხვა" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"ხვიჩას როლი ნაკრებში სხვაა, ნაპოლიში კი სხვა" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

"ხვიჩას როლი ნაკრებში სხვაა, ნაპოლიში კი სხვა" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
27-03-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპს ხვალ დაიწყებს, მეტოქე კი სტალე სოლბაკენის ნორვეგია იქნება.

მატჩის დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა ჩვენი გუნდის ფრანგმა დამრიგებელმა, გთავაზობთ მას:

ნორვეგიის მარცხი ესპანეთთან

"მათ დაპირისპირებას თვალი მივადევნეთ და მიგვაჩნია, რომ ჩვენი ხვალინდელი მეტოქე ასეთ ანგარიშს არ იმსახურებდა, რადგან მათ ცუდად ნამდვილად არ უთამაშიათ. ჩვენ კარგად ვიაზრებთ ნორვეგიის ნაკრების ძალას და ვიცით, რომ რთული შეხვედრა იქნება, თუმცა ასეთი გამოწვევებისთვის მზად ვართ."

ლეო ოსტიგორი (ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი) და ერთა ლიგა

"ცხადია, ხვიჩა და ოსტიგორი ერთმანეთს კარგად იცნობენ, თუმცა მთავარი აქცენტი გუნდზე კეთდება და არა კონკრეტულ მოთამაშეებზე. ნაპოლიში კვარაცხელიას სხვა ფუნქცია აკისრია, აქ კი სხვას დავავალებთ, რათა გუნდმა საკუთარი ძალა მაქსიმალურად გამოავლინოს, უმთავრესი სწორედ ესაა. ჩვენ ბულგარეთი და ჩრდ.მაკედონია დავამარცხეთ, მათ დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ახლანდელი ჯგუფი გაცილებით რთულია და მეტად კვალიფიციური მეტოქეები გვყავს, რომლებთანაც დაპირისპირებას მოუთმენლად ველით."

ნორვეგიას ჰოლანდი დააკლდება

"ფეხბურთი მიყვარს და მსურს, რომ მატჩში მონაწილეობა საუკეთესო მოთამაშეებმა მიიღონ. რა თქმა უნდა, ჰოლანდის დანაკლისი მძიმეა, რის გამოც, ალბათ ნორვეგია სხვა ტიპის ტაქტიკით ითამაშებს, თუმცა ჩვენ ყოველგვარი გამოწვევისა და სიახლესთვის ვართ მზად."

ხვიჩა კვარაცხელია

"საქართველოს სათამაშო ფილოსოფია ნაპოლისგან განსხვავებული იქნება. მიუხედავად ამისა, ხვიჩამ ერთა ლიგაზე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ეროვნულ გუნდშიც მშვენივრად გამოიყურება. თქვენ ხშირად მესაუბრებით მასზე, თუმცა ჩემი პასუხი ისაა, რომ ხვალ სათამაშოდ საქართველოს ნაკრები გამოდის და არა ერთი ფეხბურთელი."

ახალგაზრდა მოთამაშეები

"ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და უმეტეს მათგანს შეუძლია, რომ ასაკობრივ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დაეხმაროს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დიდი პერსპექტივა და მომავალი აქვს. ვიმედოვნებ, რომ შრომას არცერთი შეწყვეტს და მათი ეროვნულ ნაკრებში ხილვა უფრო ხშირად შეგვეძლება." - ვილი სანიოლი

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის დაპირისპირება ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი