როგორც იცით, იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტური სტარტს ხვალ, 23:45-ზე ცენტრალური მატჩით აიღებს, სადაც ერთმანეთს ნაპოლი და იუვენტუსი დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ მატჩამდე მასიმილიანო ალეგრის კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაუსვეს. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, თუ როგორ აპირებს ალეგრი ქართველის შეჩერებას, თუმცა მათ იუვენტუსის დამრიგებლისგან ზუსტი პასუხი არ მიუღიათ: "შემადგენლობას დავაყენებ და შემდეგ ვნახოთ" - თქვა მასიმილიანომ.
მიუხედავად იმისა, რომ ალეგრი თავისი გეგმის შესახებ საჯაროდ არ საუბრობს, დიდი ალბათობით, "ბებერი ქალბატონის" თავკაცი ხვიჩა კვარაცხელიასთან იმ ტაქტიკას გამოიყენებს, რომლითაც ქართველის შეჩერება ჟოზე მოურინიომ სცადა - სამი ფეხბურთელი და იმიტირებული გალია ხვიჩას წინააღმდეგ.
ამ მხრივ, ხვიჩა კვარაცხელიას საქმე დანილოსთან, რაბიოსთან და მაკკენისთან ექნება, რომლებთანაც სისწრაფეში უპირატესობა ქართველს ნაწილობრივ აქვს, ყოველ შემთხვევაში, ეს ბოლოდროინდელი სტატისტიკური მონაცემებით დასტურდება. მაგალითად, თუ ჩემპიონთა ლიგის განახლებულ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, მაკკენის განვითარებული მაქსიმალური სისწრაფე 32.6 კმ/სთ-ია, რაბიოსი 32.1, დანილოსი კი 33.8. რაც შეეხება ხვიჩას, მისი მაქსიმალური მაჩვენებელი 33 კმ/სთ გახლავთ.
ამდენად, თუ სტატისტიკით ვივარაუდებთ, ქართველის წინააღმდეგ დანილო ერთპიროვნულად ითამაშებს, მაკკენი და რაბიო კი რამდენად იქნებიან მხოლოდ ხვიჩაზე ორიენტირებული, ეს ალეგრის გადასაწყვეტია. იმის გათვალისწინებით, რომ იუვენტუსს მოგება სჭირდება, შესაძლოა, რომ ალეგრიმ ხვიჩას გასანეიტრალებლად მხოლოდ ბრაზილიელი მცველი გამოიყენოს, დანარჩენებს კი შეტევა დაავალოს.