მას შემდეგ, რაც ჯერ ევროპის ლიგიდან გამოვარდნენ და შემდეგ სენტ ეტიენთან მნიშვნელოვანი დერბი წააგეს, ლიონში დიდი არეულობა დაიწყო.
საფრანგეთში არაერთი კრიტიკოსი ჰყავს მთავარ მწვრთნელ ფონსეკას, რომელსაც გუნდიდან გაშვების რეალური საფრთხე აქვს. გარდა იმისა, რომ ლიონმა კრიტიკულ ფაზაში წაგებებს უმატა, ასევე სიტუაციაა არეული გუნდის შიგნითაც, მთავარი მომჩივანები კი ლიონის ვეტერანები არიან.
Footmercato-მ ლაკაზეტისა და ტოლისოს ბრაზის შესახებ დაწერა. მათი მტკიცებით, ამ ორს არ მოსწონს, რომ ძირითადში მოცილეები ჰყავთ და გუნდის ახალგაზრდებს, მიქაუტაძეს, შერკის და აკოკოს იმაზე მეტი დრო ეძლევათ, ვიდრე ისინი იმსახურებენ.
როგორც ვკითხულობთ, ფონსეკას 2026 წლამდე გაფორმებულ კონტრაქტს სერიოზული საფრთხე ემუქრება და არის შანსი, რომ პორტუგალიელი თანამდებობიდან ვადაზე ადრე მოხსნან.
ლიონის მთავარი საზრუნავი ახლა ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიცირებაა, აღნიშნულ ზონას კი ქართველი შემტევის გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 2 ქულით ჩამორჩება.