მაროკოს წინააღმდე გამართულ შეხვედრაში, სადაც 'ჯვაროსნები' ანგარიშით 3:0 დამარცხდნენ, დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდა ფეხბურთელს, გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელმაც მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა.
"ყველა დადებითად და თბილად შემხვდა, რამაც გამიადვილა ადაპტაცია. რამდენიმეს ახალგაზრდული ნაკრებიდან ვიცნობდი, გამოცდილი და სტაჟიანი ფეხბურთელების უმეტესობა კი ახლა გავიცანი. მეგობრული და კარგი გარემო დამხვდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა.
სანიოლმა დამირეკა და პირველ რიგში მომილოცა ნაკრებში გამოძახება. ამის შემდეგ, როდესაც თეორიაზე ვიყავით, მითხრა, რომ თუ მომეცემოდა თამაშის საშუალება, მაქსიმალურად თავისუფლად ვყოფილიყავი. მისმა ამ სიტყვებმა მეტი შემართება მომცა."
ელოდით, რომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებდით? - "ძირითადში თამაშს არ ველოდი. უბრალოდ, თამაშის წინა დღეს ვარჯიშზე მკითხა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს. მეორე დღეს კი, როდესაც გავიგე, რომ ძირითად შემადგენლობაში დავიწყებდი მატჩს, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. თამაში მოულოდნელი იყო, ერთგვარი სურპრიზი იყო. მატჩისწინა თავისებური მღელვარება იყო, მაგრამ შემდეგ გამიარა ამ მცირე ნერვიულობამ და განვაგრძე თამაში ჩემი ქვეყნისთვის."