გაზპრომ-მედიის გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩის დროს ტრიბუნიდან ქართველი გულშემატკივრების შეძახილებს ეხმაურება, სადაც ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდნენ.
გუშინ Match TV-ს ეთერში საქართველო-თურქეთის შეხვედრის მიმდინარეობისას რუსეთის პრეზიდენტის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა.
ქართველი ექსტრემისტების მხრიდან ახალი არაფერი ხდება. ქართული ტელევიზიის ეთერით ერთ-ერთი ჟურნალისტის მხრიდან მსგავსი რამ უკვე ვნახეთ და ყველამ კარგად ვიცით, ეს ამბავი როგორ დასრულდა.
ახლა ეს ჟურნალისტი აღარც ჩანს და მისი ხმაც აღარ ისმის. ცნობილი მხოლოდ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის შეურაცხყოფით გახდა.
ახლა მეორე პროვოკაცია. ასევე გასაგებია, რომ ეს კონკრეტული ქმედება დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართველებს კატეგორიულად არ სურთ ამერიკის მიმართულებით წავიდნენ. ის, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში ხდება, ვაშინგტონში წინააღმდეგობას იწვევს.
აქედან გამომდინარე, რჩება მხოლოდ უხეში პროვოკაცია, რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა. ეს ბინძური და ვულგარული ქმედება არც ადრე მუშაობდა და არც ახლა იმუშავებს, მაგრამ ოპოზიციონერებს, რომლებიც პარლამენტში ჩხუბს იწყებენ, ველურობა სიმამაცედ მიაჩნიათ.
ყველა, ვინც ამ აქციების ინიცირებას ახდენს, ყველა, ვინც ამ აქციებში მონაწილეობს და ყველა, ვისაც ამასთან ზოგადად კავშირი გააჩნია, როგორც ქართველი ქართველს, გპასუხობთ: თქვენ გულუბრყვილო ცხვრები ხართ, რომლებსაც სასაკლაოზე მიერეკებიან.
როგორც ისტორიაში ეს ხშირად ხდებოდა, ამერიკელები და ევროპელები თქვენ, როგორც საზარბაზნე ხორცს, ისე გიყენებენ, იმისათვის, რომ საქართველომ საკუთარი ხსნის გზიდან გადაუხვიოს, მაგრამ მადლობა ღმერთს, თქვენ ამას ვერ შეძლებთ, რადგან საღი აზრი უცოდინრობაზე ყოველთვის იმარჯვებდა