ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

დახვრიტეს თუ არა, ნამგალაური და ვინ იყო იგი - სექსუალური მანიაკი თუ მსხვერპლი?

2014-12-02 15:18

ნამგალაურის სარბიელიდან წასვლის ჟამმაც დაჰკრა. აბა, ვალმოხდილ კაცს ასე უპატივცემულოდ ხომ არ გავუშვებთო, თქვეს საქართველოს მაშინდელმა სპორტის ხელძღვანელებმა და 1988 წლის ცამეტ ივნისს თბილისის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე სპორტიდან საზეიმო გაცილება დაუპირეს. ცამეტ ივნისს მშობლიურ სარბიელზე უკანასკნელად უნდა გამოსულიყო “ძიუდოს ვირტუოზი”, მაგრამ “დიდი გაცილება” არ შედგა.

 

წინა დღით, თამაზ ნამგალაური უმძიმესი ბრალდებით დააპატიმრეს. ბრალდება იმდენად მძიმე იყო, რომ დაზარალებულთა ახლობლები მის ჩაქოლვას ითხოვდნენ. ნამგალაურს ბიძაშვილის, მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა დაბრალდა, რომელსაც სწორედ იმ დღეს, თორმეტ ივნისს შეუსრულდა ცხრა წელი.

 

თავის დროზე, ამ ამბავმა მთელი ქვეყანა შეაძრწუნა. არავის სურდა დაეჯერებინა, რომ ეს საშინელება ცნობილმა სპორტსმენმა ჩაიდინა, კაცმა, რომელსაც მაშინ ქართული სპორტული სამყარო ეთაყვანებოდა.

 

მიუხედავად სამართალდამცავთა და სპორტის ჩინოვნიკთა მცდელობისა, საქმე არ გახმაურებულიყო, ამ კაცის გვარ-სახელი მაინც ყველას პირზე ეკერა.

 

სასამართლო პროცესი საქართველოს უმაღლეს სასამართლოში "ჩუმად” ჩატარდა. დახურულ სხდომაზე უმაღლესმა სასამართლომ მოსამართლე წაქაძის თავმჯდომარეობით განსასჯელს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა.

განსასჯელის სკამზე იჯდა საქართველოს და საბჭოთა კავშირის ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, დღემდე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი, 31 წლის თამაზ ნამგალაური.

 

ეს ამბავი 1988 წლის ცხრა სექტემბერს მოხდა, ბევრი რამ კი დღემდე ბურუსითაა მოცული. სპეციალისტების აღიარებით, თამაზ ნამგალაური ძიუდოში ტალანტი იყო. 1980 წლის ცხრა თებერვალს იაპონელ ძიუდოისტთა ორთაბრძოლისას მან ისეთი ილეთი გააკეთა, რომ იაპონელებიც კი პირდაღებულები დატოვა. ქათული სპორტული ფოტორეპორტიორის, ალექსანდრე კოტორაშვილის მიერ დაფიქსირებული ეს “სასწაული” კი ნამგალაურის შერისხვამდე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ემბლემას ამშვენებდა.

 

მოკლედ, არაფერი აკლდა ახალგაზრდა ძიუდოისტს - დიდება, სახელი, პატივი, კომუნისტების დროინდელი სპორტსმენის შესაფერისი ფუფუნება. იაპონელებიც კი იწვევდნენ თავიანთი ქვეყნის ნაკრებში და ხელისგურზე ტარებას ჰპირდებოდნენ, მაგრამ უარი თქვა. ან იქნებ წასვაც სურდა, მაგრამ გაგანია “კომუნიზმის” დროს ვინ გაუშვებდა. მოკლედ, ჩვეულებრივი ტიტულოვანი სპორტსმენის ცხოვრებით ცხოვრობდა თამაზ ნამგალაური.

 

ძიებისას სხვა ფაქტებიც ამოტივტივდა. როგორც გამოძიება ამტკიცებდა, ნამგალაური ჯერ კიდევ 1980 წლის 29 დეკემბეს შეეცადა დუშეთში თავისი ბიძაშვილის, ათი წლის ნ.ნ-ის გაუპატიურებას, ფანჯრიდან გადაძვრა მის სახლში და მძინარე გოგონაზე ძალადობა დააპირა, მაგრამ ოჯახის წევრებმა გაიგეს ხმაური და თამაზი ფანჯრიდან უკან გადმოძვრა.

 

გამოძიების ვერსიით, 1982 წლის 22 მაისს ნამგალაურმა ისევ დააპირა მისი გაუპატიურება იმავე მეთოდით (შუაღამისას ფანჯრიდან გადაძვრა), მაგრამ კვლავ გამოეღვიძათ თურმე ოჯახის წევრებს.

 

მანამადე, 1981 წლის თებერვალში, სასტუმრო “უშბაში”, როცა ძიუდოისტები შეკრებაზე იმყოფებოდნენ, ნამგალაური შუაღამისას ნომრიდან გამოვიდა და იქვე, სასტუმროს ფოიეში, 52 წლის ქალი - სასტურმოს მოსამსახურე ძალით გააუპატიურა. 

 

მას დამატებით შედარებით მსუბუქი ბრალდებაც წაუყენეს - ავტოინსპექტორთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ წინა ბრალდებათა ფონზე ეს “წვილმანია”.

 

უცნაური დამთხვევები და მოუხელთებელი “საეჭვო მოწმე”

 

გამოძიების მტკიცებით, ოთხივე დაანაშაული (ორი გაუპატიურობა და ორი გაუპატიურების მცდელობა) თამაზ ნამგალაურმა ერთსა და იმავე დღეს, ღამის სამ საათზე ჩაიდინა, ოთხივეჯერ, როგორც ძიება ამტკიცებდა, იგი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ოთხივე დანაშაულის ჩადენის მეორე დღეს აუცილებლად უნდა ეჭიდავა - ან საქართველოს ჩემპიონატზე ან ძიუდოისტთა თბილისის საერთაშორისო ტურნირზე. 

 

უცნაური დამთხვევებია. საინტერესოა, რასთან გვაქვს საქმე - სპორტსმენის ფსიქიკურ აშლილობასთან, სექსუალურ მანიაკობასთან თუ პარანორმალურ მოვლენებთან? იქნებ, უაზრობაა მისტიკის სფეროში ვქექოთ თამაზ ნამგალაურის დანაშაულთა მიზეზები, მაგრამ ამდენი დამთხვევა? იქნებ, მისტიკა არაფერ შუაშია და ჩვეულებრივი, მიწიერი მიზეზებია საძიებელი?

 

როგორც ნამგალაურის ახლობლები ამბობენ, ოთხივე დანაშაულის ჩადენის დროს ნამგალაურის გვერდით ან მის ახლომახლოდ იმყოფებოდა ერთი და იგივე პიროვნება. ამ ვერსიის გადამოწმება ვერ მოხერხდა, მით უმეტეს, თავის დროზე გამოძიებამ ყური არ უგდო ნამგალაურის ჭირისუფალთა თხოვნას, აეხსნათ ეს ფაქტი და დაეკითხათ “ის პიროვნება”, რომელიც, რატომღაც, ლანდივით თან სდევს ნამგალაურის ძალადობებს.

 

ნამგალაურის დახვრეტა: სპეკულაცია ორი პრეზიდენტის გულმოწყალეობაზე?

 

ბურუსითაა მოცული ნამგალაურის დანაშაულობათა მთელი ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ იგი დამნაშავედ ცნეს და დახვრიტეს(?), მაგრამ ასევე უცნობია მისი შემდგომი ბედი.

 

თავის დროზე, თამაზის დედა, აწ გარდაცვლილი ქალბატონი თამარ ნამგალაური ამტკიცებდა, რომ მისი შვლი ცოცხალია, ციხიდან გამოაპარეს და თავის მეგობარსა და ნათესავსაც კი დაურეკა 1991 წლის ნოემბერში.

 

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" კი დღემდე ეჭვს იწვევს თამაზ ნამგალაურის სახელით რეგისტრირებული იუზერების მონაცემები. პროფილი დახურულია, თუმცა, კიდევ ერთ საიტზე: ჯუდოლნსიდე.ცომ-ზე შეიძლება თამაზ ნამგალაურის მონაცემების გადათვალიერება და აღმოჩნდება, რომ ინფორმაციის მიხედვით, იგი 53 წლის თამაზ ნამგალაურს ეკუთვნის, რომელსაც ეროვნების გრაფაში Uშშღ აქვს მითითებული და სადაც შეტანილია მისი სპორტული მიღწევები.

 

თუ მეორე შემთხვევაში საქმე, უბრალოდ, საძიებო პორტალთან გვაქვს, "ფეისბუქის" შემთხვევაში შანსები იმისა, რომ შესაძლოა, პროფილი მართლაც "დახვრეტილ" თამაზ ნამგალაურს ეკუთვნოდეს, თანაბარია ამ ვერსიის საწინააღმდეგო ვერსიასთან.

 

ეკუთვნის თუ არა ზემოთხსენებული პროფილი ამ სტატიის ობიექტს, ალბათ, შესაბამისი ორგანოების გასარკვევია – ამ სტატიის დანიშნულება ნამგალაურთან დაკავშირებული იტორიისა და ვერსიების გახსენებაა და არა იმის გამოძიება, არის თუ არა რეგისტრირებული დახვრეტილად მიჩნეული სპორტსმენი სოციალურ ქსელებში.

 

არადა, ოფიციალური ვერსიით, ციხის ადმინისტრაციის ცნობით, 1991 წლის პირველ ნოემბერს დახვრიტეს ნამაგალაური და 5 დღის შემდეგ მის ოჯახს გადასცეს ცნობა, რომელიც განაჩენის სისრულეში მოყვანების შესახებ იუწყებოდა...

 

ამ თარიღს (პირველი ნოემბერი) უკავშირებენ 1991 წლის შემოდგომის “ციხის ბუნტს”, რომლის ერთ-ერთი მოთავე ნამგალაურიც იყო და ხელისუფლებამ თავიდან მოიშორაო, - ამბობენ ამ ვერსიის მომხრეები.

 

თუმცა, სიკვდილმისჯილთა საკანში გამომწყვდეული და განსაკუთრებული რეჟიმისა და დაცვის ქვეშ მყოფი ნამგალაური როგორ მოახერხებდა “ბუნტოვშიკობას”, მით უფრო, აბუნტებულთა ლიდერობას, ეს ძნელი წამოსადგენია.

 

თან, ისიც ცნობილია, რომ სწორედ იმ დროს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელმოსაწერად შეუტანეს ნამგალაურისა და სხვა სიკვილმისჯილთა სია. გამსახურდიამ ქაღალდები ნაკუწებად აქცია და უმაღლესი სასამართლოს დიდმოხელეს (ვინც სია შეუტანა), შეუტია: მეორედ ჩემთან ადამიანის დახვრეტაზე ლაპარაკი არ გაბედოო.

 

არის ვერსია, რომ თამაზ ნამგალაური დახვრიტეს 1994 წელს, როცა საქართველოს მაშინდელმა სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა 14 სიკვდილმისჯილის დახვრეტას, რასაც ოფიციალურად უარყოფს გენერალური პროკურორის მოადგილე, ანზორ ბალუაშვილი. ამ ვერსიას თავის დროზე ჯერ დაეთანხმა ელენე თევდორაძე, მერე კი მანაც უარყო.

 

მოკლედ, ნამგალაურის თემა ერთგვარი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად და იმის ბარომეტრად იქცა, თუ რომელი პრეზიედნტი უფრო გულმოწყალე იყო – ზვიად გამსახურდია თუ ედუარდ შევარდნაძე.

 

ყველაზე გავრცელებული ვერსია კი ის არის, რომ თამაზ ნამგალაური 1991 წელს ციხიდან გააპარეს იაპონიაში და ამჟამადაც იქ ცხოვრობს.

 

ნამგალაური – სექსუალური მანიაკი თუ “დიდი შეთქმულების” მსხვერპლი?

 

კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და ამდენი კითხვის ნიშანიც ტყუილად არ გაჩნდებოდა.

 

ნამგალაურს ისე მიუსაჯეს დახვრეტა, რომ საქმეში არ იყო საექიმო კომისიის მიერ ბრალდებულის შემოწმობის დასკვნა. ნამგალაური ისე, ჰაი-ჰარად ცნეს ჯანმრთელად და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, სახელოვანი და ტიტულოვანი სპორტსმენი, რომელმაც საბრალდებო დასკვნის მიხედვით ცხრა წლის ბიძაშვილი გააუპატიურა და მოკლა (გაგუდა), შესაძლოა, შეურაცხადი ყოფილიყო.

 

სამედიცინო დასკვნის არ ქონის მიუხედავად, სასამართლო შეუვალი იყო – ნამგალაურმა დანაშაული შერაცხად მდგომარეობაში ჩაიდინა და დახვრეტა მიუსაჯესო.

 

წლების შემდეგ, ერთადერთი მოსაჩლეღა ჰყავდა თამაზ ნამგალაურს – მოხუცებული დედა, თამარ ნამგალაური, რომელიც ირწმუნებოდა, ჩემი შვილი უდანაშაულოა და სპორტულმა მაფიამ, მისმა მტრებმა და მოშურნეებმა მოუწყვეს ყველაფერიო.

 

ძნელია, დაუჯერო თამარ ნამგალაურს და არ ენდო უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტთა უცნაური დამთხვევები, ნამგალაურის დახვრეტა–არდახვრეტის ვერსიები და მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა მართლაც ბადებს ეჭვს, რომ “ნამგალაურის საქმეში” ყველაფერი “რიგზე ვერ არის” და ჩნდება კითხვა: მართლა დიდი შეთქმულების მსხვერპლი ხომ არ იყო ცნობილი სპორტსმენი?!

 

ლევან მეგრელიშვილი, დრონი.ჯი


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 272 46.1%
კალათბურთზე 161 27.3%
რაგბიზე 82 13.9%
ხელბურთზე 8 1.4%
ჭიდაობაზე 28 4.7%
ავტო-მოტოზე 4 0.7%
ჩოგბურთზე 26 4.4%
სხვა სახეობებზე 9 1.5%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908