ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

რა უჯდება მშობელს ბავშვის ფეხბურთზე მიყვანა?

2018-03-13 16:08

 ეროვნულ ლიგაში სამი თბილისური გუნდი ასპარეზობს: დინამო, საბურთალო და ლოკომოტივი. სამივე კლუბის პრიორიტეტული მიმართულება აკადემიაა. რა ვითარებაა დღეს ბავშვთა ფეხბურთში? რა უჯდებათ მშობლებს ბავშვის ფეხბურთზე მიყვანა?

 

 დინამო

თბილისის დინამო ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. რა ვითარებაა დინამოს აკადემიაში? - ამ თემაზე ინფორმაცია აკადემიის დირექტორმა ლევან გვანცელაძემ მოგვაწოდა:

 

 “აკადემიაში მიღება წელიწადში ორჯერ, ზამთრის და ზაფხულის პერიოდებში გვაქვს. აკადემიის გუნდები 6-დან 19-წლამდე ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი.

 თითო ბავშვზე გადასახადი 200 ლარია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ თანხაში შედის ყველაფერი და მშობელს დამატებით არ უწევს არც ტურნირის საწევროს და არც ეკიპირების გადასახადი.

 ამ ფასში შედის ვარჯიშები, თამაშები, სათამაშო ინვენტარი. გვაქვს გარკვეული შეღავათები: ძმების შემთხვევაში, თითო ბავშვის გადასახადი 20%-ით მცირდება.

 

 ცალკე თემაა დინამოს ასაკობრივი გუნდები, სადაც სელექციის მიხედვით ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები ხვდებიან. ამ გუნდების ფეხბურთელები გათავისუფლებულნი არიან ყველანაირი გადასახადიდან.

 თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია, კლუბი ზრუნავს ნიჭიერი ბავშვის სწორ კვებაზე, რაც სპორტსმენისთვის აუცილებელია. დინამოს ასაკობრივი გუნდები 8-დან 19-წლამდე ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი".

 

 ლოკომოტივი

ლოკომოტივის აკადემიის შესახებ ინფორმაცია კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა დავით ყიფიანმა მოგვაწოდა.

 თბილისური კლუბის აკადემია თვითდაფინანსებადია და შესაბამისად, თითოეულ ბავშვზე გადასახადი, 150 ლარია დაწესებული. ამ თანხაში არ შედის მხოლოდ ეკიპირება, რომელსაც მშობელი იხდის, თუმცა ფორმა ბავშვს რჩება.

 

 ლოკომოტივის სკოლაში დინამოსგან განსხვავებული სისტემა მოქმედებს: ბავშვი 6-დან 14 წლამდე ვარჯიშობს და მშობელიც ამ პერიოდში იხდის გადასახადს, შემდეგ კი მოზარდი ან ლოკომოტივის ასაკობრივ გუნდში გადადის, ან მას ემშვიდობებიან. თუ ფეხბურთელი ნიჭიერია და ასაკობრივ გუნდში მოხვდა, ის თავისუფლდება გადასახადიდან.

 აქვე აღვმნიშნოთ, რომ ლოკომოტივის სკოლის გუნდები თბილისში, ვერის ბაღში ვარჯიშობენ, ასაკობრივი გუნდები კი საგურამოს ბაზაზე - ამ შემთხვევაში, კლუბი ფეხბურთელთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

 

 ლოკომოტივის ტექნიკურმა დირექტორმა დავით ყიფიანმა აკადემიის მთავარ მიზანზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

 

 “ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ლოკომოტივის მთავარი გუნდი ასაკობრივი გუნდებიდან შევავსოთ და სწორედ ასე მივაღწიოთ წარმატებას. ამასთან, ჩვენი ამოცანაა, რომ ფეხბურთელებით ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები მოვამარაგოთ.

 ამისთვის, საგურამოში ყველა პირობაა შექმნილი: 3 მოედანი, სატრენაჟორო დარბაზი, გამართული ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური მწვრთნელები. აკადემიაში ყველა გუნდი ერთი მეთოდოლოგიით, სისტემით და სტრატეგიით ვარჯიშობს. ჩვენთვის აკადემია და ასაკობრივი გუნდები პრიორიტეტული მიმართულებაა”.

 

 საბურთალო

კიდევ ერთი თბილისური გუნდი, რომელიც ეროვნულ ლიგაში ასპარეზობს და თავისი აკადემია აქვს, საბურთალოა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ზამთრის თასის 14-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირში სწორედ საბურთალომ გაიმარჯვა.

 

 ვესაუბრეთ საბურთალოს აკადემიის დირექტორ თემურ შალამბერიძეს, რომელმაც შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდა:

 

 “საბურთალოს ასაკობრივი გუნდები 10-დან 19 წლამდე ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი და ეს გუნდები ბენდელას სტადიონზე ვარჯიშობენ. ამ გუნდებში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები ხვდებიან და გათავისუფლებულნი არიან ყველანაირი გადასახადისგან. 

 

 გვყავს ბავშვთა გუნდები, სადაც 6-დან 16 წლამდე ბავშვებს ვიღებთ. ეს გუნდები საბურთალოზე, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე ბაზაზე და გლდანში, ამერის ბაზაზე ვარჯიშობენ.

 საბურთალოს სკოლაში ერთი ბავშვის გადასახადი 90 ლარია, ხოლო გლდანში 60 ლარი. მშობლებს დამატებით უწევთ ტურნირის გადასახადი, რაც წელიწადში 100 ლარია და ასევე, ეკიპირების თანხა.

 

 გვაქვს შეღავათები: ძმების შემთხვევაში, თითო ბავშვზე თანხა ნახევრდება, სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ბავშვები კი მთლიანად გათავისუფლებულნი არიან გადასახადისგან. ჩვენი მიზანია, რომ ნიჭიერ ფეხბურთელებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი”.


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2278 40.2%
კალათბურთზე 634 11.2%
რაგბიზე 1438 25.3%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 275 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 110 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test4648
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908