20-წლამდელები | სამი ლელო სამგზის ჩემპიონთან » სპორტის ხაზი

20-წლამდელები | სამი ლელო სამგზის ჩემპიონთან

20-წლამდელები | სამი ლელო სამგზის ჩემპიონთან
7-05-2024, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს მოქმედ და ზედიზედ სამგზის ჩემპიონ საფრანგეთს „ავჭალაზე“ სამი ლელო გაუტანა, თუმცა გამარჯვებისათვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – 17:26.

ამის შანსი იყო, თუმცა ამ ეტაპზე ორივე გუნდის ამოცანა იმ მოთამაშეების გამოცდაა, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან და ამ მხრივ ტესტი ნამდვილად ნაყოფიერი გამოდგა.

ეს იყო უმცროსი ბორჯღალოსნების ამ ფორმაციის გუნდისთვის პირველი მოსამზადებელი თამაში და რადგან ბევრი დრო აღარ რჩება, მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ საქმეში 37 მორაგბე გამოსცადა. ამან გარკვეულწილად სანახაობრივი მხარე დააკნინა და რიგ ეპიზოდებში შეუთამაშებლობების პრობლემები გამოავლინა, რითაც ფრანგებმა ისარგებლეს და ხელდახელ შეტევებით ლამაზი ლელოები გაიტანეს.

მატჩის დღეს თბილისში გადაუღებლად წვიმდა. მზემ თამაშამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე გამოანათა და გუნდებს შეხვედრის ჩამთავრება აცალა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მასპინძლები აქცენტს ძალისმიერ თამაშზე აკეთებდნენ, სტუმრები კი სწრაფი, ხელდახელ ბურთაობით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას. მასპინძლებს ეტყობოდათ შეუთამაშებლობა, რის გამოც ხშირი იყო ტექნიკური წუნი. გარდა ამისა, ჩვენს შეტევებს აკლდა სისწრაფე და ფრანგები ახერხებდნენ დაცვაში გადაწყობას.

საქართველომ თამაში აგრესიულად დაიწყო და პირველი 10 წუთი უმეტესად მეტოქის ნახევარზე გაატარა. ამ პერიოდში ორჯერ ვცადეთ მოლის აგორება, მერე 5-მეტრიანში სწრაფად გავათამაშეთ ჯარიმა და მურთაზ ცხადაძემ ანგარიში გახსნა, ზურა ფირცხალაიშვილმა კი გარდასახვა შეასრულა. ფრანგებმა შეძლეს მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა, 24-ე წუთზე ბურთი ორივე ფრთაზე სწრაფად ჩაათამაშეს, ფრთაზე მეტობა გამოიყენეს და აქსელ დესპერის ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინეს.

მასპინძლებმა 3 წუთში უპასუხეს. ჯარიმიდან ბურთი აუტში გადაიტანეს, საიდანაც ამ ჯერზე კარგი მოლი ააგორეს და ანდრო დვალმა ლელოთი უპირატესობა დაგვიბრუნა. ფირცხალაიშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო. თამაში რომ განახლდა ლუკა კობაურმა ბოჭვისას მეტოქეს ბურთი დააგდებინა და საკუთარი 22-დან კონტრშეტევა წამოიწყო. მას კარგად მიყვნენ ფირცხალაიშვილი და გიორგი ბოლქვაძე, რომელმაც ლელო გაიტანა, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ ბოჭვის მომენტში წინთამაში დააფიქსირა და ჩვენს 22-ში დაგვაბრუნა.

ტაიმის ბოლოს ფრანგებმა ტემპს უმატეს, დასკვნით 3 წუთში ორი ლელო გაიტანეს, აქედან ერთი გარდასახეს და შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 19:12.

შესვენების შემდეგ ორივე გუნდმა სცადა ბურთაობა, ფეხით თამაში და მეტოქეზე წნეხის დადება, მაგრამ დარტყმები არ წაგვივიდა, 57-ე წუთზე კი სტუმართა ხელდახელ სწრაფი შეტევა მატის ბელობრის ლელოთი და ზუსტი გარდასახვით დასრულდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 4 წუთში ძალისმიერი შეტევით და ლუკა ჭაავას ლელოთი უპასუხეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და სხვაობა 9 ქულა დარჩა.

რადგან 20-წლამდელთა დონეზე ფრანგებთან პირველი გამარჯვების შანსი იყო, 75-ე წუთზე სხვაობის შემცირება ჯარიმით ვცადეთ, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა გაცუდდა. შედეგიანი შეტევის განხორციელება ვერც დარჩენილ დროში მოხერხდა და ფრანგებმა საბოლოოდ 26:17 იმარჯვეს.

უმცროსი ბორჯღალოსნები მოსამზადებელ ეტაპზე თბილისში კიდევ ორ თამაშს გამართავენ. ამჯერად თბილისში ინგლისი გვეწვევა და მას „ავჭალაზე“ 7 და 12 ივნისს დავუხვდებით, 20-წლამდელთა ჩემპიონატი კი სამხრეთ აფრიკაში 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ლადო კილასონია: „ეს ჩვენთვის პირველი თამაში იყო და ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებდა. სამი სხვადასხვა შემადგენლობით ვითამაშეთ, რადგან მოთამაშეთა გამოცდა გვსურდა და ამ მიზანს მივაღწიეთ. კარგია, რომ თბილისში ასეთი მაღალი დონის გუნდს ვუმასპინძლეთ. ეს თამაში იყო ძალიან მაგარი ბიძგი დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილის დასრულებისთვის. ახლა ცოტას დავისვენებთ, გავაკეთებთ შესაბამის ანალიზს და შევუდგებით მზადებას“.

„წინ გველოდება ორ-მატჩიანი სერია ინგლისთან. შევეცდებით, რომ გამოვასწოროთ შეცდომები, გავაუმჯობესოთ ის, რაც კარგად გამოგვდის და ინგლისს უკეთ მომზადებულები დავხვდეთ, ვიდრე საფრანგეთთან ვიყავით“.

20-წლამდელთა ამხანაგური მატჩი

4 მაისი. თბილისი. ავჭალა. 1000 მაყურებელი

საქართველო – საფრანგეთი 17:26 (12:19)

Rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი