ვილი სანიოლი: "ევრო 2024-ზე ჩემი გუნდისგან მხოლოდ ასეთ თამაშს ველი" » სპორტის ხაზი

ვილი სანიოლი: "ევრო 2024-ზე ჩემი გუნდისგან მხოლოდ ასეთ თამაშს ველი"

ვილი სანიოლი: "ევრო 2024-ზე ჩემი გუნდისგან მხოლოდ ასეთ თამაშს ველი"
19-04-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ესაუბრა, რომელმაც კომენტარი ევრო 2024-თან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც ფრანგი სპეციალისტი ამბობს, ის თავისი გუნდისგან იმაზე ნაკლებ პერფორმანსს არ ელოდება, როგორიც ნაკრებმა საპლეიოფო თამაშებში აჩვენა.

"ევროპის ჩემპიონატი გვიახლოვდება და მზადება აქედანვე უნდა დავიწყოთ. საკვალიფიკაციო მატჩები მხოლოდ პირველი ეტაპი იყო, ახლა ჩვენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა გვსურს, რომელიც შრომისა და მომზადების გარეშე შეუძლებელი იქნება."

"ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები ოთხი წლის წინ D ლიგაში ასპარეზობდა, ახლა კი B ლიგაში ვართ. ამ ტურნირმა ჩვენი მოთამაშეები დიდი შედეგის მიღწევის შესაძლებლობაში დაარწმუნა. ვფიქრობ, რომ ერთა ლიგის ბოლო ციკლი ჩვენთვის დიდი საქმის დასაწყისი იყო."

"დიდი მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ვლადიმირ ვაისს. ევრო 2024-ზე გასვლა მისი წარმატებაც არის. მან ბევრი იმუშავა გუნდის სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე და ნაკრებში არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე დააწინაურა. გუნდის შენება ხანგრძლივი პროცესია და ვლადიმირ ვაისი ამ წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია."

"ფეხბურთელებისთვის მარტივი სათქმელია, რომ მოედანზე 100%-ით უნდა დაიხარჯონ. მე მათ ვუხსნი, რა უნდა აკეთონ ყოველდღე იმისთვის, რომ ეს შეძლონ. ბევრი ჩვენი მოთამაშე მზად იყო, ყველაფერი გაეღო წარმატებისთვის, მაგრამ არ იცოდა, ეს როგორ გაეკეთებინა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ მათთან ინდივიდუალურად ვიმუშავეთ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებთან, რომლებსაც მეტად სჭირდებოდათ რჩევების მიცემა. ამან შედეგი მოგვიტანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ნაკლები უნდა ვიშრომოთ – პირიქით, წინ უფრო რთული დავალება გველოდება და მეტი მუშაობა მოგვიწევს."

"ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მიუღებელი იქნება იმაზე ნაკლები ფეხბურთის თამაში, რაც პლეი ოფში ვაჩვენეთ. მოთამაშეებმა ეს იციან და ისიც ესმით, რომ ამ ყველაფერს მე მკაცრად მოვითხოვ."

"რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ მიერ სიურპრიზების შეთავაზებას, ამაზე საუბარი ნაადრევია, ახლა ამ თემებზე ლაპარაკი ფეხბურთის ცოდნაზე არ მიუთითებს, რადგან ყველაფერია მოსალოდნელი. შეხვედრისთვის თავდაუზოგავადაც რომ მოემზადო, შესაძლოა, მეტოქემ მაინც გაჯობოს, მსაჯმა შეცდომა დაუშვას, მოთამაშემ ხუთი წუთის შემდეგ წითელი ბარათი მიიღოს და მწვრთნელების შემუშავებული გეგმა შეიცვალოს, შედეგების პროგნოზირება რთულია"
,- თქვა ვილი სანიოლმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი